“ფულის სავარაუდო გათეთრება კეზერაშვილის ცნობილ მეთოდებს უკავშირდება” – ირაკლი სესიაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, შესაბამისი კომპეტენტური სამსახურების მიერ დადასტურებული ფაქტია, რომ თავდაცვის სამინისტროში, წლების განმავლობაში, სააკაშვილის მმართველობის დროს კორუფციის პრობლემა არსებობდა.

მისივე თქმით, დაკარგულია დაახლოებით მილიარდ ნახევარი ლარი და სწორედ კეზერაშვილის დროს, რამდენიმე ასეული მილიონია გაფლანგული.

აღნიშნული კომენტარით სესიაშვილი გამოეხმაურა ისრაელის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ისრაელის პროკურატურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავის, მიხაელ ბენიმინისა და მისი სამი ბიზნესპარტნიორის წინააღმდეგ ბრალის წარდგენას გეგმავს.

ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, ისრაელის მიერ წამოწყებული საქმე, მისთვის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია, რომ ფულის სავარაუდო გათეთრებაზე საუბარი კეზერაშვილის ცნობილ მეთოდებს უკავშირდება.

„ჩვენი ოპონენტები ძალიან შეეჩვიენ საქართველოს ხელისუფლების მიმართ უსაფუძვლოდ  ბრალდებების წარდგენას კორუფციაში, თუ კრიმინალთან ურთიერთობაში. ამ შემთხვევაში ფაქტებით ვისაუბროთ. ფაქტია და დადასტურებულია შესაბამისი კომპეტენტური სამსახურების მიერ, რომ თავდაცვის სამინისტროში, წლების განმავლობაში, სააკაშვილის მმართველობის დროს ადგილი ჰქონდა ძალიან მაღალ კორუფციას. დაკარგულია დაახლოებით მილიარდ ნახევარი ლარი და სწორედ კეზერაშვილის დროს რამდენიმე ასეული მილიონი არის გაფლანგული, რაზეც შესაბამისი უწყებები მუშაობენ.

ამ შემთხვევაში, ისრაელის მიერ წამოწყებული საქმე, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ მისულა, ჩემთვის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი და ინფორმაციაა, რომ ფული, რომლის გათეთრებაზეც არის სავარაუდოდ საუბარი, უკავშირდება სწორედ კეზერაშვილის ცნობილ მეთოდებს, როგორ გაეტანა საქართველოდან ის ფული, რომელიც ქვეყნის თავდაცვითუნარიანობას ეხებოდა და უნდა მოხმარებოდა“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

ისრაელის მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ისრაელის პროკურატურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავის, მიხაელ ბენიმინისა და მისი სამი ბიზნესპარტნიორის წინააღმდეგ ბრალის წარდგენას გეგმავს.

საქმე ეხება 11.5 მილიონი დოლარის შემოსავლის  შესახებ საგადასახადო სამსახურისთვის ინფორმაციის დამალვას.

მსგავსი თემები