სათამაშოებზე ზედამხედველობა თვის ბოლოდან დაიწყება

რამდენიმე დღეში ძალაში შევა „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი, რის შემდეგაც, ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები პროდუქციის თანდართულ დოკუმენტაციასა და მის ხარისხს შეამოწმებენ.

ეკონომიკის სამინსიტროს ინფორმაციით, თუკი გაჩნდება ეჭვი პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ნიმუში ლაბორატორიაში გადაიგზავნება. თუმცა, ერთი წლის განმავლობაში საშეღავათო პერიოდი იქნება და სანქციები არ იმოქმედებს. კომპანიებს მხოლოდ დარღვევების გამოსწორების რეკომენდაციები მიეცემა, რომელთა შესრულებასაც ზედამხედველი ორგანო გარკვეული დროის შემდეგ გადაამოწმებს.

„პროექტი შეთანხმებულია სამთავრობო უწყებებთან და მთავრობის უახლოეს სხდომაზე წარვადგენთ დასამტკიცებლად. ის ამ თვეშივე ამოქმედდება, თუმცა სანქციების ნაწილი გადაწეული იქნება 2021 წლის დასაწყისში. სააგენტო მოახდენს ზედამხედველობას სათამაშოებზე მათ შორის ბაზარზე განთავსების მომენტში, იმპორტის დროსაც და გაიცემა რეკომენდაციები. ძირითადი მოთხოვნები უკავშირდება იმპორტიორების, მწარმოებლების მიერ წარსადგენ აუცილებელ დოკუმენტაციას და რა თქმა უნდა, ფიზიკურ მახასიათებლებს, რომლებიც სათამაშოს საფრთხეს გამორიცხავენ“, – აცხადებს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რატი ობოლაძე.

მსგავსი თემები