“სააკაშვილის დროს აშენდა მეორე პარლამენტი და პრეზიდენტის რეზიდენცია, სადაც საკმაოდ ბევრი ფული დაიხარჯა” – არჩილ თალაკვაძე

“ექს პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ მას ცხრა წლის განმავლობაში სურდა ანაკლიის პორტის აშენება, თუმცა საქართველოს ბიუჯეტს ამისთვის ფული არ ჰქონდა, არის ტყუილი და სიცრუე” – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს აშენდა მეორე პარლამენტი და პრეზიდენტის რეზიდენცია, სადაც საკმაოდ ბევრი ფული დაიხარჯა.

„სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას ცხრა წლის განმავლობაში სურდა ანაკლიის პორტის აშენება, მაგრამ მას და საქართველოს ბიუჯეტს ამისთვის არ ჰქონდათ ფული, ეს არის ტყუილიო, სიცრუე. მისი მმართველობის პერიოდში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ხელისუფლებამ ააშენა მეორე პარლამენტი, პრეზიდენტის ახალი რეზიდენცია, სადაც, რაც მან თანხა დაასახელა პორტის მშენებლობაზე, იმაზე მეტი დაიხარჯა. განცხადება, თითქოს მას სურდა ამის აშენება და არ ჰქონდა ფული, ეს არის სიცრუე, რადგან ამდენი თანხა და მეტი დაიხარჯა მეორე პარლამენტის აშენებაზე. ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ასეთ განცხადებებს აკეთებს. ჩვენ მოვისმინეთ შეურაცხმყოფელი განცხადებები ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნების მიმართ. მათ შორის, სომხეთის მიმართ. მოვისმინეთ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი განცხადებები იმ სახელმწიფოების მიმართ, სადაც ყველაზე გავრცელებული რელიგია არის ქრისტიანობა. ვფიქრობ, სულიერებაზე, ამ ფუნდამენტურ ღირებულებებზე ექსპრეზიდენტის შეტევა აჩვენებს და აძლიერებს იმ კითხვის ნიშნებს, რომ შესაძლოა, ეკლესიის დისკრედიტაციის უკან დგას ეს ადამიანი და მისი თანამოაზრეები. გამოკვეთილად იგრძნობოდა, რომ წამყვანი გვარამია შეფარულად ცინიკური იყო სააკაშვილის მიმართ. ეს იგრძნობოდა მთელი გადაცემის განმავლობაში და ამაში ალბათ პარტიის შიგნით გაერკვევიან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები