“რეალობას აცდენილი „ოცნება“ ხიფათად იქცა ქვეყნისთვის” – დავით ჭიჭინაძე

„როგორ შეიძლება დღეს  „ქართულ ოცნებაში“  რამის სიმყარეზე, ან რამის მდგრადობაზე საუბრობდნენ?! მითუმეტეს, სპიკერებად მოვლენილი „კოლექტიური ზარდიაშვილები“,- ამის შესხებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. 

დავით ჭიჭინაძის თქმით, ქვეყანა ჩამოიქცა, ხალხი გაღატაკდა და ქვეყანაში ინფლაცია გაბატონდა.

“და ესენი მყარად რაში არიან ვერ გავიგე, თავის სავარძლებში სხედან მყარად? მაგიც ეჩვენებათ მგონი, რადგან ხვალ იმ სავარძლებსაც დაკარგავენ და ქუჩაშიც ვეღარ გამოვლენ ასეთი საქციელით. ერთ-ერთ დეპუტატს, უმრავლესობიდან,  ისიც წამოსცდა, რომ ვადამდელი არჩევნები შეიძლება იყოსო და თუ ეს მართლა აქვთ გეგმაში, ვაფრთხილებ  „ქართულ ოცნებას“, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოიწვევს აბსოლუტურად არალეგიტიმურობას იმ შედეგისას, რომელიც დადგება, რადგან ის არ იქნება იმ საარჩევნო სისტემით ჩატარებული, რასაც ხალხს დაპირდნენ. ამიტომ რევოლუცია გარანტირებული ექნებათ მეორე დღესვე, რადგან არავინ არ უღიარებთ მათ შედეგს. ეს კი, საკმაოდ ძვირი დაუჯდება როგორც ქვეყანას, ისე მოსახლეობას და ამას არავინ აპატიებს.

ბოლო დროინდელი უმრავლესობის შეხვედრები და ვითომ დაძაბული საუბრები კი, უკვე მართლა უნიჭო სპექტაკლებს დაემსგავსა და მსახიობები მაინც შეცვალონ. ან საერთოდ ვის დაკარგვიან ეს ვითომ ამბოხებული დეპუტატები? ვინ დაიჯერებს, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილს რამეს გაუბედავენ? ანუ, ამ სპექტაკლს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – რაც ხალხი მოატყუეს, ის გადაფარონ და „გააპრავონ“. რეალურად კი, მხოლოდ ძალაუფლებაში დარჩენა უნდათ და ამის გამო მიდიან ამ დაძაბულობაზე. მოკლედ, რეალობას აცდენილი „ოცნება“ ხიფათად იქცა ქვეყნისთვის”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები