მომდევნო ორი დღის განმავლობაში საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი

მეტეროლოგების პროგნოზით, საქართველოში უახლოეს დღეებში ტემპერატურის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი და შესაძლოა, ნიშნულმა 42 გრადუსსაც გადააჭარბოს.

„ხვალაც, 8 ივლისსაც მაღალი ტემპერატურა იქნება. დღის ბოლოს იწყება ნალექი. განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში, აჭარისა და გურიის ტერიტორიაზე ველით შედარებით მნიშვნელოვან ნალექს. დღის მეორე ნახევრიდან, აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს“ – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგი, დავით ლოლაძე.

სპეციალისტების თქმით, სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის. ძლიერმა სიცხემ, შესაძლოა, გულისცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება გამოიწვიოს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, მაღალი ტემპერატურის დროს, აუცილებელია ბევრი სითხის მიღება და მზეზე გადაადგილებისგან თავის შეკავება.

„ასევე, თავი უნდა ავარიდოთ ფიზიკურ დატვირთვას. ან, თუ ფიზიკური დატვირთვა აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეს უნდა მოხდეს დილით, ძალიან ადრე. თავი უნდა ავარიდოთ ალკოჰოლიან, ტკბილ და გაზიან სასმელებს. აუცილებლად უნდა გვეხუროს ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, უნდა ვატაროთ სათვალე“, – აცხადებს NCDC-ს არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ლელა სტურუა.

საქართველოს ტერიტორიაზე, კვირის ბოლოდან, შედარებით, აგრილდება. დროგამოშვებით იწვიმებს. ზოგან – ძლიერად. მოსალოდნელია ელჭექი და სეტყვაც.

მსგავსი თემები