“ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ ამ კონკრეტულ საქმეში სამართალი აღდგა” – ანრი ოხანაშვილი დავით ჭაკუას ექსტრადირებზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ დანაშაულის ჩადენა არავის შერჩება და კანონის წინაშე ყველამ პასუხი უნდა აგოს.

ოხანაშვილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ჭაკუას გერმანიიდან ექსტრადიციის საკითხს გამოეხმაურა.

„კონკრეტულ საქმეზე და მით უმეტეს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის საქმეებზე, ადრე თუ გვიან, აუცილებელია, სამართალი აღსრულდეს და კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში სამართლიანობა აღდგეს. ეს კონკრეტული საქმეც სწორედ ნათელი დადასტურებაა, რომ არავის შერჩება მძიმე დანაშაულის ჩადენა. ყველამ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე.

გერმანიის მხრიდან საქართველოსთვის ამ პიროვნების გადმოცემა და ექსტრადირება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ გერმანულმა სასამართლომ ვერ დაინახა ვერავითარი მიზეზი, რასაც ეს ადამიანი ამბობდა, თითქოს ის პოლიტიკური ნიშნით გასამართლდებოდა. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა წარადგინეს ის მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც გერმანიის სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ ამ ადამიანმა დნაშაული ჩაიდინა. ასევე ის, რომ მას არანაირი პოლიტიკური ნიშნით პასუხისმგებლობა არ ემუქრებოდა.

ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ ამ კონკრეტულ საქმეში სამართალი აღდგა. სამართლის აღსრულების პროცესი დაიწყო. „ქართული ოცნება“ ყოველთვის იმის სადარაჯოზე იქნება, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რომელიც დაიწყო, მიმდინარეობს და გრძელდება, გაგრძელებას კიდევ ჰპოვებს.

ამ ადამიანთან მიმართებაში ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის დამოკიდებულება, თუ რას ედავებიან მას, ეს ადამიანი რაში იმხილება. ამ ადამიანის სახელი დაკავშირებულია ციხის კადრებთან და ციხის ბუნტის საქმესთან. ციხის ბუნტთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია, სადაც საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფოს მეშვეობით სპეციალური დანიშნულების რაზმი და ის ადამიანები, ვინც ბრძანებას გასცემდნენ, უმისამართოდ ესროდნენ ადამიანებსა და პირდაპირ მოკლეს მათ პატიმრები.

ამას ჩემი შეფასება კი არ სჭირდება, ამაზე შეფასება გაკეთებული აქვს სტრასბურგის სასმართლოს. საზოგადოების დამოკიდებულება საყოველთაოდ ცნობილია. თუმცა მე ყოველთვის ვფრთხილობ ისეთ შეფასებაში, რომელიც რაიმე ფორმით არ დაიცავს ვინმეს უდანაშაულობის პრეზუმფციას. ჩემი პროფილური, იურიდიული კომიტეტიდან გამომდინარე, თავს ვიკავებ წინმსწრებად შეფასებისგან, თუმცა საზოგადოების განწყობა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საყოველთაოდ ცნობილია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები