დეპუტატი ადადსტურებს, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო

“ქართული ოცნების” დეპუტატი სოფიო კილაძის განცხადებით, ყოფილმა ქმარმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა. სოფიო კილაძე დამატებით დეტალებზე არ საუბრობს და ფიზიკურ ძალადობას არ ადასტურებს.

“დიახ, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვიყავი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და მე ვარ მაგალითი, რომ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის უფლებადამცველი, მათ შორის პარლამენტის წევრი, შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში. ამასთანავე, მე ვუფრთხილდები  გარშემომყოფი ადამიანების ემოციურ მდგომარეობას, მათ ჯანმრთელობას, ჩემს არასრულწლოვან შვილს, მის საუკეთესო ინტრესს და აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მეტ დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ფიზიკურ ძალადობას არ ვადასტურებ, არ ვიცი საიდან მოიტანეს ეს ინფორმაცია, თუ აქვთ ნანახი შემაკავებელი ორდერი, იქ იყო მხოლოდ ფსიქოლოგიური ძალადობა,” – განუცხადა სოფიო კილაძემ “კურიერს.”

“ქართული ოცნების” დეპუტატი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და ყველას მოუწოდებს, ამ თემაზე აღარ ისაუბრონ.

“ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც გავაკეთე ის კომენტარი, რომელიც გავაკეთე, იყო ერთი ადამიანის მიერ გაკეთებული ძალიან უღირსი პოსტი, სადაც პირდაპირ  სიცრუე გავრცელდა. რომ არ მოჰყოლოდა ამას ცალკე სპეკულაციები, ამ სპეკულაციების დასასრულებლად გავაკეთე კომენტარი, რომელიც გავაკეთე. უმორჩილესად გთხოვთ, ჩემი ახლობელი ადამიანების ემოციური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დავასრულოთ ამ თემაზე საუბარი,”- განაცხადა სოფიო კილაძემ.

პოსტი, რომელზეც დეპუტატი საუბრობს, Facebook-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა საჯაროდ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, დეპუტატმა სოფიო კილაძემ დაადასტურა, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა, რის გამოც სამართალდამცავებს შემაკავებელი ორდერის გამოწერის მოთხოვნით მიმართა. 

მსგავსი თემები