“არსებობს პირადი ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებული პირების მხრიდან, სხვადასხვა თაღლითური ოპერაციის განხორციელების რისკი” – ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი აფრთხილებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ინტერნეტ სივრცეში ფინანსური და პირადი მონაცემების მითითებისას.

როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებგვერდზე შესვლისას დახვდათ შეტყობინება სხვადასხვა სახის გათამაშებაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით. ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში, გათამაშების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელითაც გავრცელდა.

„გასათვალისწინებელია, რომ გათამაშებაში მონაწილეობის მიღების ან შემდგომ პრიზების მიღებისთვის, პირადი მონაცემების, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომრისა და სხვა პერსონალური ინფორმაციის მიწოდება მოითხოვებოდა. დამატებით, რიგ შემთხვევაში, შეტყობინებებში მითითებული იყო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საპრიზო თანხის მონაწილისთვის გადარიცხვის შესახებ, რაც ცალსახად არასწორი ინფორმაციაა. აქვე, გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული მონაცემების გამჟღავნების შემთხვევაში, არსებობს ამ ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებული პირების მხრიდან სხვადასხვა თაღლითური ოპერაციის განხორციელების რისკი“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, რომ ზემოთ აღწერილი ფორმით ინფორმაციის თაღლითური გზით მოპოვების სქემას ფიშინგი ეწოდება.

„ფიშინგი წარმოადგენს კიბერდანაშაულს, რომლის დროსაც კონკრეტულ პირს ან ორგანიზაციას კიბერთაღლითის მხრიდან ეგზავნება შეტყობინება ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით, სოციალური ქსელით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან სხვა ფორმით, იმისთვის, რომ მომხმარებელს მოტყუების გზით პირადი მონაცემები გამოსძალოს. როგორც წესი, ფიშინგის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სამიზნეს ფინანსური ინსტიტუტები და მათი მომხმარებლები წარმოადგენენ.

ფიშინგის დროს, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული სარეკლამო შეტყობინებების ან ელექტრონული მეილის საშუალებით მიღებული ბმულის საშუალებით მომხმარებელი ყალბ ვებგვერდზე შედის/გადადის, რომელზე პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნებაც კიბერთაღლითების მიერ ფინანსური ოპერაციების თაღლითური გზით განხორციელების რისკს ზრდის“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მიმართავს, ნებისმიერ გათამაშებაში თუ სხვადასხვა ორგანიზაციის ვებგვერდის/ინტერნეტბანკის გამოყენებისას და ინტერნეტგადახდების განხორციელებისას, დაიცვან შემდეგი წესები:

„1. არ გადასცეთ სხვა პირებს საკუთარი პირადი მონაცემები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ფინანსური ოპერაციების უნებართვო განხორციელება. განსაკუთრებული ყურადღებით გადაამოწმეთ ის ვებგვერდი, რომელიც პირადი მონაცემების შეყვანას გთხოვთ.

2. გადაამოწმეთ ვებმისამართი. ფინანსური მომსახურების გამოყენებამდე შეამოწმეთ ის ვებმისამართი, სადაც აპირებთ მონაცემების შეყვანას. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ უსაფრთხო ვებგვერდზე იმყოფებით, აუცილებლად შეამოწმეთ, რომ ვებმისამართი იწყებოდეს ‘https://’ ან ‘shttp://‘-ით. ასევე, დარწმუნდით, რომ ვებმისამართის მარცხენა კუთხეში განთავსებულია მწვანე, ჩაკეტილი ბოქლომის სიმბოლო. დამატებით, შეგიძლიათ დააჭიროთ ბოქლომის ღილაკს, რომ შეამოწმოთ ვებგვერდის სანდოობა და უსაფრთხოების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

მსგავსი თემები