ანტიბიოტიკი ვირუსზე არ მოქმედებს, პირიქით, ორგანიზმს აზიანებს – პაატა იმნაძე

​​დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელ ​პაატა იმნაძის განცხადებით, გრიპის ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში საშუალო ინტენსივობის ავადობა ფიქსირდება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მონაცემებით, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით გამოძახებები თბილისში, ქვეყნის რეგიონებთან შედარებით მაღალია.

​პაატა იმნაძე მოქალაქეებს ურჩევს, მაღალი ტემპერატურის დროს, რაც H1N1 ვირუსს თან ახლავს, ოჯახის ექიმს მიმართონ, რადგან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის მოვალეობა განსხვავდება მკურნალი ექიმის მოვალეობებისგან. ექიმმა უნდა შეაფასოს დაავადების სიმძიმე და ჩართოს ანტივირუსული საშუალებები და არა ანტიბიოტიკები.

“ანტიბიოტიკი ვირუსზე არ მოქმედებს, პირიქით, პრგანიზმს აზიანებს. არსებობს ანტივირუსული საშუალებები, რომელთა გამოყენება გრიპის შემთხვევაში შეიძლება, თუ ვირუსი პაციენტის ორგანიზმში მძიმე ფორმით მიმდინარეობს”, – ამის შესახებ პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, გავრცელებული გრიპის ვირუსი იწყება ტემპერატურის უეცარი მატებით – 38.5, 39.5 და 40 გრადუსი, თან ერთვის თავის და ყელის ძლიერი ტკივილები, ხველა, სისუსტის შეგრძნება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. ავადმყოფობის პერიოდი 7 დღის განმავლობაში გრძელდება, მეტ-ნაკლები ინტენსივობით.

რისკის ჯგუფში შემავალ ადამიანებს – ორსულებს, ბავშვებსა და დიაბეტის მქონე პირებს, პაატა იმნაძე ურჩევს დროულად მიმართონ ექიმს.

” ავადმყოფი ადამიანი პირველ რიგში უნდა იყოს სახლში, არ უნდა დადიოდეს სამსახურში, სკოლაში, ბაღში. უმჯობესია წოლითი რეჟიმი, რათა ორგანიზმს მივცეთ საშუალება ებრძოლოს ვირუსს, ნუ გადავტვირთავთ ორგანიზმს. მივიღოთ, ჩვეულებრივზე რაც შეიძლება მეტი სითხე. იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა 38,5 -ს გადასცდება, აუცილებლად გამოვიყენოთ სიცხის დამწევი რომელიმე საშუალება, ძირითადად პარაცეტამოლის ჯგუფის. არის გარკვეული წესიც, კერძოდ, თუ ბავშვს 38,5-ზე მეტი აქვს სიცხე ერთი დღის განმავლობაში, აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა, თუ დიდს აქვს მაღალი ტემპერატურა 3 დღის განმავლობაში, იმანაც უნდა მიმართოს ექიმს”, – აცხადებს პაატა იმნაძე.

მსგავსი თემები