„ანრი ოხანაშვილის პირადი პატიმარი ვარ“ – დეპუტატთან დაპირისპირებისთვის დაკავებული 3 დღით დააპატიმრეს  

სასამართლომ, ბაკურიანში, დეპუტატ ანრი ოხანაშვილთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო დაკავებულს 3 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. როგორც ბრალდებული აცხადებს, ის დეპუტატის პირადი პატიმარია. სასამართლო პროცესი ახალციხეში გაიმართა.  

როგორც დაკავებულმა ჟურნალისტებს განუცხადა, დეპუტატი ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გამყიდველი და ქვეყნის მოღალატე უწოდა.

„მე ანრი ოხანაშვილის პირადი პატიმარი ვარ…მას მივმართე, რომ არის ქვეყნის გამყიდველი, მოღალატე და ამის გამო დარეკა პოლიციაში, დამაკავეს და მომისაჯეს სამი დღით თავისუფლების აღკვეთა. არ ვიცი, რატომ დარეკა პოლიციაში, ვერ აიტანა, რომ ვუთხარი ქვეყნის მოღალატე ხარ-მეთქი. რეალობა ვუთხარი, სხვა არაფერი”, – განაცხადა რობაქიძემ

ბრალდებულის ინფორმაციით, ის დეპუტატ ოხანაშვილს დიდი ხანია იცნობს. ფიზიკურ დაპირისპირებას კი ადგილი არ ჰქონია.

„მე მას ვიცნობ, რატომ თქვა, რომ არ მიცნობს, არ ვიცი. კაფეში ბავშვებთან ერთად შესვლის დროს მივესალმე და შემდეგ გამოველაპარაკე. ამის მერე წავედი, დავჯექი ჩემს მაგიდასთან, არანაირი ხელით შეხება არ ყოფილა, უბრალოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოგვივიდა ერთმანეთში. ეს ადამიანი ადგა და წავიდა. მერე მოვიდა პოლიცია. იმის მხრიდანაც იყო ჩემს მიმართ ხმამაღალი საუბარი. პოლიციას ვთხოვე, არაფერი მომხდარა და არ გადამიყვანოთმეთქი“ – განაცხადა ბრალდებულმა.

დაკავებულს პატიმრობის ვადა დაკავების მომენტიდან აეთვლება. ის ადრეც ნასამართლევია, თუმცა, ნასამართლეობა გაქარწყლებული აქვს.

შეგახსენებთ, დეპუტატისა და ბრალდებულის ინციდენტი გუშინ ბაკურიანში მოხდა.

მსგავსი თემები