“ამ დროშით ჩვენ ევროპაში კი არ შევდივართ, უკვე ვართ” – პრეზიდენტი სახელმწიფო დროშაზე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე გურიიდან მიულოცა.

ქართული დროშის აღმართვის ცერემონია ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში, ერისთავების სასახლეში გაიმართა.

სალომე ზურაბიშვილმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და დღევანდელი დღე რიგით მოქალაქეებთან ერთად ქართველ ჯარისკაცებს მიულოცა.

პრეზიდენტის განცხადებით, დროშა  საქართველოს სახელმწიფოს და ერთიანობის სიმბოლოა.

„ჩემო თანამემამულეებო, მინდა, მოგილოცოთ სახელმწიფო დროშის დღე გურიიდან, რამეთუ გურია არის ის მხარე, რომელმაც პირველმა გამოაცხადა თავის დროზე დამოუკიდებლობა. ასე რომ, ერთგვარი სიმბოლოა, გურიიდან მოგილოცოთ ეს დღე.

პირველ რიგში მინდა,  მივულოცო ეს დღე ჩვენი თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც აქ იმყოფებიან და მთელ ქვეყანაში ჩვენს ჯარისკაცებს, ასევე, მათ ვინც, არიან საზღვრებს გარეთ და სამშვიდობო მისიებშიც წარმოადგენენ საქართველოს, საქართველოს დროშის ქვეშ დგანან. ჩვენი დროშა ეს არის პირველ რიგში სიმბოლო სახელმწიფოსი, მისი ერთიანობის, ეს არის სიმბოლო ჩვენი ისტორიის. ამიტომ ავირჩიეთ ამ წელს ეს ისტორიული ადგილი, ერისთავების ციხე-სიმაგრე, რათა  აქ აღგვემართა დროშა.

ამ დროშით ჩვენ ევროპაში კიარ შევდივართ, ჩვენ ევროპაში უკვე ვართ.  სიმბოლოები, რაცაა დაკავშირებული დროშასთან, დროშის ფერებთან, აქ არის სამართლიანობაც და სიმამაცეც, ეს არის ის ფასეულობები, რითაც მოდიოდა საქართველო და მოდის. ეს დროშა ჩვენი ერთიანობის დროშაა. ეს დროშა არის იმის იმედი, რომ საქართველო იქნება გამთლიანებული“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში იყოს ერთიანობა.

„მინდა, ბავშვებს, ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ამ დროშის პატივისცემა, ეს არის არა რაღაც შავი სიმბოლო, ეს არის თქვენი თავის პატივისცემა, თქვენი ქვეყნისა და იმ ღირებულებების, ფასეულობების პატივისცემა, რითაც მოდის ეს ქვეყანა. პირველ რიგში ეს დროშა ერთიანობის დროშაა. ჩვენ ამ დროშის ღირსი არ ვიქნებით, თუ ვერ შევძლებთ, გავერთიანდეთ ჯერ ჩვენს შორის, საზოგადოებაში. ეს დროშა მოგვეცა, რამდენი საუკუნეა, ამ დროშის ქვეშ ჩვენი გმირები იბრძვიან, ძალიან ბევრი დაიღუპა ამ დროშის ქვეშ, შემდეგ სხვა დროშის ქვეშ, მაგრამ ეს არის რეალურად ერთიანი დროშა ჩვენი ისტორიისა. ჩვენ რომ ვიყოთ ამის ღირსი, უნდა დავიბრუნოთ ის მთავარი ღირებულება, რაც დგას ამ დროშის უკან, ეს არის ქრისტიანობა თავისი სიყვარულით. ჩვენ თუ ეს ვერ შევძელით, ვიქნებით დაპირისპირებული და დაყოფილი ბანაკებად, არც ამ დროშის, არც ამ ქვეყნის ღირსი არ ვიქნებით,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

მსგავსი თემები