“საქართველოს პრემიერ-მინისტრად “რუსეთის კაცი” დანიშნეს” – გერმანული გამოცემა

“საქართველოს პრემიერ-მინისტრად “რუსეთის კაცი” დანიშნეს”, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გერმანული გამოცემა, “დოიჩე ველე“.

სტატია, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ ახალი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დამტკიცებას ეხება, ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, 98-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო ოპოზიციამ, რომელიც მას “მოსკოვის კაცს“ ეძახის, ბოიკოტი გამოუცხადა.​

„დოიჩე ველეს“ ცნობით, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის ქმედებებს ოკუპაცია უწოდა.

”ჩვენი უსაფრთხოების განზომილების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი საგარეო პოლიტიკაა, ასევე ქვეყნის პროდასავლური ორიენტაცია და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, – განაცხადა გახარიამ.

გერმანული მედიასაშუალება, მასალაში ხაზს უსვამს, რომ ექს-პრემიერი მამუკა ბახტაძე, ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, პოსტიდან გადადგა. ის და მისი შემცვლელი გახარიაც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ერთგული მიმდევრები არიან.

“დოიჩე ველე“, “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიასაც ესაუბრა. როგორც მელიამ გერმანულ პრესასთან საუბარში აღნიშნა, გახარია ივანიშვილის ხელისუფლების ბოლო პრემიერი იქნება.

“ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა შეუთავსებელია დემოკრატიასთან. პროდასავლური ძალები გავერთიანდებით და ერთიანი ძალებით, ივანიშვილის მმართველობას დავამარცხებთ“, – განუცხადა მელიამ “დოიჩე ველეს“.

ამავე სტატიაში „დოიჩე ველეს“ გერმანულენოვანი რედაქცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზეც წერს და აღნიშნავს, რომ თბილისი ე.წ. არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ე.წ. არჩევნების პირველ ტურს არალეგიტიმური უწოდეს ევროკავშირმა და გერმანიის ფედერალურმა მთავრობამაც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ყოფილი შს მინისტრი, გიორგი გახარია 98 ხმით პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა.

მსგავსი თემები