SOS – ტაო-კლარჯეთი ტუალეტად გადააქციეს – უნიტაზები ტაძარში

თურქეთში, ქართული კულტურის ძეგლები ტუალეტად აქციეს. მიწა გათხარეს, უნიტაზის მილები დაამონტაჟეს და ფაქტიც „გასკდა“. X საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის ტუალეტად გადაქცევის შესახებ ინფორმაცია ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ გაავრცელა.

„საგანგაშო, ყოვლად დაუჯერებელი და ყოვლად გაუგებარი სიახლე ტაო-კლარჯეთიდან!

X საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის – დოლისყანის კარიბჭეში ტუალეტი შენდება!

ფოტოები ეს წუთია გამომიგზავნეს. კარიბჭეში უკვე ამოთხრილია ორმოები, რომლებიც რკინის ცხაურითაა დაფარული (ზედ ქვები აყრია). ჩალაგებულია მილები, ტაძარში შეტანილია შესაბამისი მასალა და დღე-დღეზე ალბათ ბეტონსაც დაასხამენ.

აქაური ისტორიული ძეგლების დაზიანების (უყურადღებობით გამოწვეული თუ განზრახ ჩადენილი) უამრავი ფაქტია ცნობილი, მაგრამ იმედის მომცემი იყო ტენდენცია, რომ ბოლო ათწლეულებში მსგავსი ფაქტები ძალზე შემცირდა.

ის, რაც ახლა დოლისყანაში ხდება, სრულიად დაუჯერებელია! 21-ე საუკუნეა, 2019 წელია და ტაო-კლარჯეთის ძეგლების დიდი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა უკვე კარგა ხანია კარგად ესმით ჩვენს თურქ კოლეგებსა და ჩვენი მეზობელი ქვეყნის შესაბამის უწყებებს.

იმედი მაქვს, სასწრაფოდ შეწყდება სამუშაოები“ – აცხადებს კუდავა. მისივე ინფორმაციით, მომხდარის შესახებ საქმის კურსშია საქართველოს საელჩო თურქეთში.

მსგავსი თემები