NDI-ის კვლევები პარტიებზე, პოლიტიკოსებზე, კორუფციაზე, მთავრობასა და საგარეო კურსზე

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა“ მორიგი ფართომასშტაბიანი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას ეხება. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას დადებითად გამოკითხული მოსახლეობის 26% აფასებს, პრემიერ-მინისტრის საქმიანობას კი – 25%. 3-3%-ის აზრით კი მათი საქმიანობა უარყოფითია. დანარჩენის აზრით, ისინი საშუალო შეფასებას იმსახურებენ.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოკითხულთა 19% ირაკლი კობახიძის საქმიანობას დადებითად აფასებს, 43% საშუალოდ, 22% – უარყოფითად.

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხული მოსახლეობის 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 8% – ერთიან “ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 4% – “ევროპულ საქართველოს“.

NDI-ის კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 30% აცხადებს, რომ არ იცის, 13% აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას და 9% აცხადებს, რომ სხვა პარტიას.

რაც შეეხება ქვეყნის საგარეო კურსს, “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 21% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, ხოლო 65% ევროკავშირში გაწევრიანებას.

გამოკითხულთა 7% არც ერთ მოსაზრებას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ საქართველო არც ევროკავშირში არ უნდა გაწევრიანდეს და არც ევრაზიულ კავშირში.

შედეგებით ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი 2017 წელთან შედარებით გაზრდილია, ხოლო ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი – დაკლებული.

კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 61% საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს, ხოლო 8% – თურქეთს.

კითხვაზე, რომელი ქვეყანა წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს საქართველოსთვის, გამოკითხულთა 15% აცხადებს, რომ არ იცის, 5% აშშ-ს ასახელებს, 4% აცხადებს, რომ არც ერთი ქვეყანა არ წარმოადგენს საფრთხეს, 1-1% მიიჩნევს, რომ საქართველოს საფრთხე თავად საქართველოა, და ასევეა სომხეთიც და აზერბაიჯანიც.

ასევე გამოიკვეთა, რომ გამოკითხულთა 65% საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრეა. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოზიცია, საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე. ამასთან, ეს პოზიცია არ არის მისაღები გამოკითხულთა 20%-სთვის. 15%-ს კი პოზიცია ამ საკითხზე არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid -ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.

მსგავსი თემები