NATO რუსეთს თავისი ძალების უკრაინიდან გაყვანისკენ მოუწოდებს

უკრაინული მედიის ცნობით, ნატო აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის გამო შეშფოთებას გამოხატავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნატო-ს პრესსპიკერმა ოანა ლუნჯესკუმ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ნატო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

“შეშფოთებულები ვართ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მხრიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის ესკალაციის გამო. ეს ძირს უთხრის მინსკის შეთანხმებებსა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობებს. ნატო სრულად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ – აღნიშნულია ნატო-ს პრესსპიკერის განცხადებაში.

მისივე თქმით, ნატო რუსეთს თავისი ძალების აღმოსავლეთ უკრაინიდან გაყვანისკენ მოუწოდებს.

”ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ გაიყვანოს თავისი ძალები, შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა და რეალური ძალისხმევა განახორციელოს მინსკის შეთანხმებების განსახორციელებლად,” – აღნიშნულია ოანა ლუნჯესკუს განცხადებაში.

შეგახსენებთ, უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის ინფორმაციით, უკრაინაში, დონბასში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების თავდასხმების შედეგად 1 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 4 დაშავდა.

მსგავსი თემები