K2 კოეფიციენტის გადამეტების მავნე პრაქტიკამ ქალაქი დაამახინჯა – თბილისის მერი

თბილისში მშენებლობების დასაწყებად და მიწის ნაკვეთის კოეფიციენტის განსაზღვრისას, იკრძალება კოეფიციენტების მატება და მიწის ნაკვეთის განაშენიანების K2 კოეფიციენტის გაყიდვა, რომელიც გულისხმობს თუ რა მოცულობის შენობის აგებაა დასაშვები. ​

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას და ქაოტური განაშენიანების პროვოცირებას, სწორედ ამიტომ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, მშენებლობებზე ნებართვა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი ძირითადი პარამეტრების შესაბამისად გაიცემა.

“გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენმა გუნდმა მიიღო, მდგომარეობს იმაში, რომ აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტის გაყიდვა. ეს პრაქტიკა, რომელიც 2005 წლიდან დამკვიდრდა, თბილისის მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და განაშენიანების რეგულირების გეგმაზე, რომელიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება მიღებული წარმოებაში,”- განაცხადა კახა კალაძემ. 

​თბილისის მერმა, თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა კონსულტაციებში მონაწილე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს.   

მსგავსი თემები