I-VI კლასის სახელმძღვანელოების ხარისხი გაუმჯობესდება  

სასკოლო სახელმძღვანელოების გამარტივებული წესით შესყიდვასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, რომ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, სამინისტრო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესს გამჭვირვალედ აწარმოებს. შედეგად, ახალ სასწავლო წელს, I-VI კლასის მოსწავლეები, ყველა პარამეტრით გაუმჯობესებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან.

როგორც “მთავარს” განათლების სამინისტროში განუმარტეს, კონკურსის პირობების თანახმად, განმსაზღვრელია სახელმძღვანელოს ხარისხი და არა ფასი. გრიფირების პროცესს სამინისტრო 2017 წლიდან ახორციელებს. მასში ჩართულია 180 შემფასებელი, რომლებიც შემოსულ პაკეტებს 60-მდე კრიტერიუმის მიხედვით აფასებენ.

მათივე ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მოქმედი შესყიდვების კანონმდებლობაში არ არსებობს მრავალკომპონენტიანი და მრავალეტაპიანი შესყიდვების პროცედურა, სადაც შეიძლება ერთზე მეტი გამარჯვებული გამოვლინდეს, სამინისტროში შეისწავლეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, რომლის საფუძველზეც, სახელმძღვანელოების შესაძენად შეირჩა მსოფლიო ბანკის სანიმუშო სატენდერო რეკომენდაციები ,,Request for Bids Textbooks and Reading Materials” (2017 წლის ოქტომბრის რედაქციით).

შესაბამისად, მიმდინარე წლის 4 მაისს, სამინისტრომ მიმართა შესყიდვების სააგენტოს შესყიდვების შესახებ კანონის 10-ე პირველი მუხლის მე-3 პუნქტის დ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდვის განხორციელებაზე, რაც გულისხმობს არა ერთ პირთან მოლაპარაკებით შესყიდვას, არამედ ორიენტირებულია პროცესის დადგენილ ვადებში ჩატარებაზე.

მსგავსი თემები