გია გვაზავა ჯემალ გამახარიამ შეცვალა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია გახდა. აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში სესია დღეს გაიმართა, სადაც სპიკერატის საკითხი განიხილეს. ორი ვადით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის შემდგომ, ელგუჯა (გია) გვაზავამ უარი განაცხადა ხელახლა ეყარა კენჭი თავმჯდომარის თანამდებობაზე, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და რეგლამენტი მას არ უკრძალავდა ამას. გია გვაზავა ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, დეპუტატის სტატუსით კვლავ უმაღლეს საბჭოში გააგრძელებს მოღვაწეობას.

თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატურა იყო წარდგენილი, უმაღლესი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარის მოადგილეები – დავით გვაძაბია და ჯემალ გამახარია. დავით გვაძაბიამ კენჭიყრამდე მოხსნა საკუთარი კანდიდატურა.

რეგლამენტის შესაბამისად, თავმჯდომარის არჩევისთვის 19 დეპუტატიდან 10 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ახალ თავმჯდომარედ 18-დან 14 ხმით ჯემალ გამახარია აირჩია, ერთმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

დღესვე ჩატარდა კენჭისყრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეების ასარჩევად. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეებად დეპუტატები: თამაზ ხუბუა და დავით გვაძაბია აირჩიეს.

მსგავსი თემები