„ის ადამიანები, ვინც ამინდს ქმნიან, გულნატკენები არიან“ – ე.წ. ძველი გვარდია „ქართულ ოცნებას“

„ქართული ოცნების“ ე.წ. ძველ გვარდიელები ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ველზე მიტოვებული ადამიანების მობრუნება და გამოყენება მნიშვნელოვანია. დაგროვილ პრობლემებსა და განაწყენების მიზეზებზე „ძველი გვარდიის“ წარმომადგენლებმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს.

„ჩვენ თავიდანვე ვიყავით იმ პერიპეტიებში, რასაც პარტიული თუ საპარლამენტო ცხოვრება ჰქვია. ის, რაც ბატონმა ირაკლიმ გააჟღერა, რომ დაბრუნდა გუნდის გასაძლიერებლად, კოორდინაციის მაღალ რანგში ასაყვანად, ეს ყველა ჩვენთაგანისთვის საინტერესო გზავნილია. ძალიან ბევრი ჩვენი თანამებრძოლი გულნატკენია. განსაკუთრებით საუბარია იმ ადამიანებზე, ვინც რეგიონებში ამინდს ქმნიან. ამ ადამიანების უკან მობრუნება და მათი გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა დავით ლორთქიფანიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისი განცხადებით, ძალიან ცუდად ენიშნა ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები, რომ სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა, არჩევნებში გაცილებით მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე ადრე.

„როცა საუბარია საარჩევნო ხმების რაოდენობის მომატებაზე, ანუ, სხვა პარტიების მხრიდან მეტი ხმის მიღებაზე, ეს საშიში ტენდენციაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მხარეს წავიდნენ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენზე არიან გულგატეხილები. ამ ადამიანების მობრუნება ადვილი არ იქნება“ – აღნიშნა ლორთქიფანიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება პარტიის შიგნით არსებულ პრობლემებს, როგორც დავით ლორთქიფანიძემ აღნიშნა, ეს პრობლემები განსაკუთრებით მაშინ გაძლიერდა, როცა ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა: „იყო გარკვეული პრობლემები პარტიის შიგნით, თუნდაც, მართვის თვალსაზრისით. განსაკუთრებით ეს მაშინ შეიმჩნეოდა, როცა ირაკლი ღარიბაშვილი აღარ იყო პარტიის თავმჯდომარე. დარწმუნებული ვარ 2012 წლის პარლამენტის წევრები და თანამებრძოლები, ძველი და ახალი თანაგუნდელები გაერთიანდებიან და 2020 წლის არჩევნების მზადების აქტიურ ფაზაში გადავლენ.“

რაც შეეხება „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის ფორმატს, ლორთქიფანიძის განცხადებით, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია პარტიის კარები მათთვის არ დაიკეტოს.

„თანამშრომლობის როგორ ფორმატს მოიფიქრებს პარტიის ლიდერშიფი, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საქმიანი ფუსფუსი იმ ადამიანებთან ერთად ხდებოდეს, ვინც 2012 წელს თავი გადადეს და რომლებიც, საბოლოოდ, 2020 წლის არჩევნებამდე ღირსეულად მიგვიყვანს. კარები ჩემთვის და სოსო ჯაჭვლიანისთვის დაკეტილი არ ყოფილა, თუმცა, ადამიანები, თავი გადადეს „ბრძოლის ველზე“ არ უნდა მიატოვო, ეს სწორი საქციელი არ არის. არადა, ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც პარტიის ლიდერი გახდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი და რაც შემოვიდნენ „ახალი სახეები“, ჩვენ გარიყულები ავღმოჩნდით. „ახალი სახეებთან“ მიმართებაში არავის შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს, თუმცა, ადამიანები მათი ბეგრაუნდის შესაბამისად, მათი გავლილი გზის მიხედვით უნდა შეირჩნენ“ – აღნიშნა „მედიაცენტრ მთავარში“ დავით ლორთქიფანიძემ.

მსგავსი თემები