ლექტორი სტუდენტს წელს ქვევით ფოტოებს უგზავნიდა და თავადაც იგივეს სთხოვდა – შსს- გამოძიება დაიწყო

სტუდენტი გოგონა საკუთარ ლექტორის უჩივის. მიზეზი – სექსუალური შევიწროება, გარყვნილი ფოტოები და მიმოწერა. სტუდენტმა ლექტორს უჩივლა, ამჯერად, ჯერი შინაგან საქმეთა სამინისტროზეა. ეს ისტორია საქართველოში, ბათუმში ხდება. სტუდენტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსზე სწავლობდა. ლექტორი დაახლოებთ 40 წლამდე მამაკაცია. სტუდენტი დაკითხეს, მისი ლექტორი კი ჯერჯერობით დაკითხული არ არის.

„მედიაცენტრი მთავარი“ სტუდენტ გოგონას დაუკავშირდა, რომელმაც მომხდარის შესახებ შემდეგი ისტორია გვიამბო: „ჩემი ლექტორი რამდენიმე დღის განმავლობაში ინტიმური შინაარსის ტექსტებსა და ფოტოებს მიგზავნიდა. ასევე, ჩემგან ითხოვდა, რომ კომპლექსი მომეშორებინა და მისთვის საცურაო კოსტუმში გადაღებული ფოტოები გამეგზავნა. ჩემს ტელეფონზე მომდიოდა მის მიერ გადაღებული საკუთარი ფოტოები. წელს ქვევით გადაღებულ ფოტოებს მიგზავნიდა. მეც მთხოვდა, იგივენაირი ფოტო გადამეღო და მისთვის გამეგზავნა. ასევე, მიმოწერაში მეკითხებოდა ვისთან ერთად ვცხოვრობდი, ვინ მყავდა სახლში, ძმა თუ მყავდა, მამა თუ მყავდა, ჩემს ირგვლივ მამაკაცი თუ იყო. ჩემი აზრით, მას აინტერესებდა, ვინმე ისეთი თუ მყავდა, ვინც მე დამიცავდა და ამ საქციელისთვის მას პასუხს მოსთხოვდა. მე მის გზავნილებს არ გამოვეხმაურე და არ დავთანხმდი. არ მჭირდება ჩემი პატიოსნების სანაცვლოდ ავიღო უნივერსიტეტის დიპლომი. ამიტომ, ფაქტის შესახებ უნივერსიტეტსაც ვაცნობე და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც.“

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სტუდენტი გოგონას საჩივარზე რეაგირება მოახდინა და გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე სს კოდექსის ” 150-ე, იძულების მუხლით დაიწყო. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ სტუდენტმა მომხდართან დაკავშირებით მათ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში განუცხადეს, ამ საკითხს ეთიკის კომისია განიხილავს და თუ ფაქტი დადასტურდება, ლექტორს ხელშეკრულებას შეუწყვეტენ.

მსგავსი თემები