“2010-2012 წლებში შობადობის კლებამ, მოკვდაობის და მიგრაციის ზრდამ პიკს მიაღწია” – თამარ ჩიბურდანიძე

საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე, პოლიტიკური მკვლევარი თამარ ჩიბურდანიძე “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე გრიგოლ ვაშაძის განცხადებას დემოგრაფიულ პრობლემაზე ეხმაურება და აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დამსახურებაა სწორედ ის, რომ 2010-2012 წლებში შობადობის კლებამ, მოკვდაობის და მიგრაციის ზრდამ მაღალ ნიშნულს მიაღწია.

პოლიტიკური მკვლევარი აღნიშნავს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად დემოგრაფიული თემა ბევრი პოლიტიკური პარტიისთვის მომგებიანი ხდება, რადგან დღეს საქართველოს ასეთი დიდი ეროვნული პრობლემა ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად, არა აქვს.

„რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო ხშირად გავიგებთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისგან დემოგრაფიულ პრობლემებზე წუხილს და დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი საარჩევნო პროგრამას სწორედ ამ თემაზე ააგებს.დღეს პარადოქსია ის, რომ სწორედ ყოფილმა ხელისუფლებამ დაიწყო ამ თემაზე საუბარი, ვის დროსაც ყველაზე მეტი უნდა გაკეთებულიყო მდგომარეობის შესაცვლელად, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. მართალია, გრიგოლ ვაშაძე მაშინ პარტიის წევრი არ იყო და არ ვიცი მისი გულწრფელი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, მისი გუნდის დამსახურებაა სწორედ ის, რომ 2010-2012 წლებში შობადობის კლებამ, მოკვდაობის და მიგრაციის ზრდამ პიკს მიაღწია. გაოგნებული ვარ იმით, რომ დღეს დემოგრაფიულ პოლიტიკაზე საუბრობს ის პარტია, რომლის ხელშიც იყო ამ პოლიტიკის განხორციელების სადავეები, მაგრამ არაფერი გააკეთა,” – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

მსგავსი თემები