წითელას აცრაზე უარის შემთხვევაში, შესაძლოა სკოლის აღსაზრდელებს მოსწავლის სტატუსი ჩამოართვან

წითელას ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, საჯარო სკოლებში მოსწავლეებს, პოლიკლინიკის მიერ გაცემული აცრების ისტორიის მიტანას სთხოვენ. იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ მოზარდი წითელას ვირუსზე არ არის აცრილი, შესაძლოა მას მოსწავლის სტატუსი ჩამოართვან. 

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მშობელი ავრცელებს და განათლების სამინისტროსგან განმარტებას მოითხოვს: “რას ნიშნავს მოსწავლეს სტატუსი ჩამოერთმევა?! დღეს ვგებულობ კლასის დამრიგებლისგან, რომ თურმე, თუ პოლიკლინიკიდან არ მივიტან ცნობას, რომ ჩემი შვილები ნამდვილად არიან აცრილები წითელაზე მოსწავლის სტატუსი ჩამოერთმევათ. ან თუ მე ეს დანამდვილებით არ მახსოვს, მაშინ თურმე, ხელმეორედ უნდა ავცრა ბავშვები. ჩემს შვილებს ყველა სავალდებულო აცრა თავის დროზე აქვთ ჩატარებული. მათ იმუნიტეტზე და ჯანსაღ კვებაზე ზრუნვა ჩემი მთავარი საფიქრალია მხოლოდ იმიტომ, რომ გაურკვეველი წარმომავლობის ვაქცინების მათ სისხლში შეღწევა არ დავუშვა. არ ვაპირებ თავის მართლებას და აცრების ხელახლა ჩატარებას. ისედაც ამდენი უსწავლელი ბავშვი გყავს ქვეყანაში, კიდევ სტატუსების ჩამორთმევით იმუქრებით?! რა უმსგავსობაა?! არც იმისგან ვართ დაცულები, რომ პოლიკლინიკაში არ გააყალბებენ აცრების ისტორიას და განმეორებით ვაქცინაციას არ გვაიძულებენ”, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი, აღშფოთებული მშობელი.

“მედიაცენტრი მთავარი” ვითარების გარკვევას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შეეცადა.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, კანონის მიხედვით გეგმიური აცრები სავალდებულო ხდება და ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა სკოლების დირექტორებს რეკომენდაციებით მიმართა. თუმცა ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები ჯანდაცვის სამინისტროსთან და კონკრეტული გადაწყვეტილება, როგორ და რა ფორმით მოითხოვენ სკოლებში სავალდებულო აცრების ჩატარებას, უახლოეს მომავალში გადაწყდება.   

​კითხვაზე, რამდენად მიზანშეწონილი და კანონიერია მოსწავლისთვის სტატუსის მოხსნის გადაწყვეტილება, სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, ცალსახად ამაზე საუბარი არ არის და კონსულტაციები მიმდინარეობს.

“განათლების მიღების უფლება ადამიანის ძირითადი უფლებაა. შესაბამისად, არავის არ შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე. სკოლას რაც შეეხება, მათ მიიღეს რეკომენდაციები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისგან. შესაძლოა, დირექციამ ჩათვალა საჭიროდ, რომ საქმის კურსში ჩაეყენებინა მშობლები. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებამ შესაძლოა განიხილოს ბენეფიციარის სტატუსის შეჩერების საკითხი. ბენეფიციარი ორი თვის განმავლობაში თუ არ წარადგენს ცნობას აცრის შესახებ, საგანმანათლებლო დაწესებულებას მხოლოდ განხილვის ვალდებულება აქვს”, – აცხადებენ სამინისტროში.

​მათივე ინფორმაციით, განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებამ შესაძლოა განიხილოს ბენეფიციარის სტატუსის შეჩერების საკითხი. ბენეფიციარი ორი თვის განმავლობაში თუ არ წარადგენს ცნობას აცრის შესახებ, საგანმანათლებლო დაწესებულებას მხოლოდ განხილვის ვალდებულება აქვს.

რაც შეეხება აღსრულების მექანიზმებს, როგორ უკვე გაცნობეთ, დაგეგმილი გვაქვს სამუშაო შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროსთან, სადაც კონკრეტული რეკომენდაციები შემუშავდება. არც ერთი პირის განათლების უფლება არ შეიზღუდება იმ მიზეზით, რომ მას აცრა არ აქვს გაკეთებული.

“საჭიროა, ცნობიერების ამაღლება, რათა ყველამ გაიგოს, რომ აუცრელობის გამო, შესაძლოა ზიანი მიადგეს როგორც აუცრელ ადამიანს, ისე მის გარშემო მყოფებს. ტერმინი „სტატუსის გადახედვის“ დასაზუსტებლად იკრიბებიან დღეს ჯანდაცვის სამინისტროში, რის შემდეგაც აღსრულების მექანიზმის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია გვექნება”, – განუცხადეს “მთავარს” განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. 

მსგავსი თემები