“ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მხოლოდ ორი რამ ვიცი – ომი, ან დიპლომატია, მესამე გზა არავის გამოუგონია” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ტექნიკურ ფორმატებს ვერ ცდება. პრეზიდენტის თქმით, სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობის დალაგებას ემსახურება გრძელდება, თუმცა არაფერი იცვლება. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი თავიდან პოლიტიკური იყო.

“კარგად ვხედავთ, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე გამართული შეხვედრები ტექნიკური ფორმატისაა. შეხვედრები შედეგიანი არაა, რადგან ბიუროკრატები ვერ იღებენ ჩვენთვის სასურველ გადაწყვეტილებებს. ტექნიკურ ფორმატებში ვართ გაჩხერილი, თუმცა მაინც ვაგრძელებთ, მაგრამ არაფერი იცვლება. ჟენევის ფორმატი დასაწყისში იყო პოლიტიკური, შემდეგ ჩამოვიდა ტექნიკურ დონეზე,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო არ სარგებლობს ყველა დიპლომატიური რესურსით. მისი თქმით, ყველა არსებული საშუალება უნდა გამოვიყენოთ და ვისაუბროთ რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩადენილ ქმედებებზე საქართველოში. პრეზიდენტი თვლის, რომ ქვეყნებს შორის პრობლემების მოსაგვარებლად, მხოლოდ ორი გზაა – ომი ან დიპლომატია, ჩვენმა ქვეყანამ დიპლომატია აირჩია.

“აუცილებელია პარტნიორებთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ვიმუშაოთ, რომ ვიყოთ ნახსენები ყველა ეტაპზე, როცა საუბარია რუსეთის მხრიდან სხვადასხვა კონფლიქტზე. ვუყურებთ, როგორ იცვლება მსოფლიო. ყველა ყველასთან საუბრობს, ყველა ყველასთან დიალოგშია და ჩვენ ვართ ერთგვარ იზოლაციაში.  უარი ვთქვით და გასაგებია, რომ არ ვაპირებთ, ძალის გამოყენებით დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები, მაგრამ აუცილებელია საუბარი და ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტის გამოყენება. ჩვენ ან უნდა გამოვიყენოთ ყველა საშუალება, ან უნდა ვიყოთ, როგორც ვართ დღეს. ისმის კითხვა – ნუთუ არ შეუძლია ხელისუფლებას გადაწყვიტოს ეს საკითხი? მე, ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მხოლოდ ორი რამ ვიცი – ომი, ან დიპლომატია. მესამე გზა არავის გამოუგონია. ჩვენ მესამე გზით მივდივართ იმ მხრივ, რომ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს, გამოიყენონ თავიანთი დიპლომატიური შესაძლებლობები ჩვენ სასარგებლოდ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები