შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა, საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს

პრეზიდენტთან არსებული ​შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა. კომისიაში დამატებით სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლები ჩაერთვებიან, რომლებიც განიხილავს განცხადებებს და შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებენ. საბოლოო გადაწყვეტილება კი პრეზიდენტის პრეროგატივად დარჩება.

როგორც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, საპარლამენტო გამოსვლისას განაცხადა, შეწყალების პრაქტიკა, რომელიც წინა პრეზიდენტების დროს არსებობდა, ზოგჯერ უფრო ამნისტიას ემსგავსებოდა, ვიდრე იმ კონცეფციას, რომელიც საფუძვლად უდევს პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებას.

​მისივე განმარტებით, ამნისტია ზოგად კრიტერიუმებზე დაფუძნებული სრულიად სხვა სამართლებრივი ფორმაა, რომელიც მოიცავს სასჯელისგან გასათავისუფლებელ პირთა ფართო წრეს.

“პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არც პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების შემცვლელია და არც სასამართლოს ხარვეზების გამოსწორების მექანიზმი. შეწყალების დისკრეციული უფლება ნიშნავს პრეზიდენტის მიერ განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმის შერჩევას, სადაც უპირატესობა ჰუმანურ პრინციპებს ენიჭება. ამ პრინციპების ზედმიწევნით დაცვა ნიშნავს იმას, რომ შეწყალების აქტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება. ეს ასევე შეამცირებს რისკებს საზოგადოებისთვის, რომლებიც ყოველთვის თან ახლდა მასობრივ შეწყალებას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, პატიმრის შეწყალება, სასამართლო სისტემა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნა სწორედ ისეთი საკითხებია, რომლებიც დღეს საზოგადოების მაღალ ინტერესს იწვევს.

“გადაწყვეტილების მიღებისას ვერ იქნება გათვალისწინებული პირადი, სოციალური, რელიგიური თუ პოლიტიკური ხასიათის ჩარევები. შეწყალება გამორიცხავს იმასაც, რომ საზოგადოებას ან კონკრეტულ ადამიანებს განემარტოს რომელიმე კონკრეტულ საქმეზე შეწყალების მიღების, ან მასზე უარის თქმის, საფუძველი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

მსგავსი თემები