ვიდეოკადრების გავრცელება წვრილმან შურისძიებას ჰგავს, ბესელიას პოლიტიკურად ვერაფერს დააკლებენ – დავით ჭიჭინაძე

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოყენება უნდა დასრულდეს და გამოძიების მხრიდან მეტი კომპეტენტურობაა საჭირო, რომ ასეთი საქმეები ბოლომდე იყოს გამოძიებული.

მისი შეფასებით, ფარული კადრების გავრცელება ეკა ბესელიას მიმართ წვრილმან შურისძიებას ჰგავს და მის ავტორს, ამ კადრების გავრცელებით დიდი შეცდომა მოუვიდა. ​გამოძიება მისი ინიციატივით დაიწყო, როდესაც კომიტეტის სხდომაზე განცხადება გააკეთა.

“შსს-დან 5 საათის შემდეგ დამირეკეს, ალბათ, ფიქრობდნენ დაეწყოთ თუ არა გამოძიება”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე. 

მისივე თქმით, მისთვის მიუღებელია ის, რომ პარლამენტის დეპუტატები აღნიშნულთან დაკავშირებით საჯარო განცხადებებს არ აკეთებენ და ღიად არ გმობენ მომხდარს.

​მან გამაოგნებელი უწოდა მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებას, როდესაც მან თქვა, რომ შესაძლოა ეკა ბესელიამ აღნიშნული ფარული ჩანაწერები თავად გაავრცელა და სურს ამით, საზოგადოების თვალში გმირად გამოჩნდეს.

“კიდევ ერთი გამაოგნებელი აზრი მოვისმინე ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ფარულ კადრებთან დაკავშირებით. თითქოს ბესელიას გაუვრცელებია ეს კადრები იმისთვის, რომ გმირად გამოჩნდეს. ამას ამბობს მოსამართლე გვრიტიშვილი. ამ სიტყვებით ის საკუთარი თავის ლუსტრაციას ახდენს. ეს იმას მოწმობს, რომ ის ბრძოლა, რომელიც დაწყვებულია საზოგადოების მხრიდან, აბსოლუტურად სამართლიანია. ასეთივე წარმატებით შეიძლება უთხრას ამ მოსამართლემ მსჯავრდებულს, მაგალითად, რომელიც აწამეს, რომ მან თავად მიაყენა საკუთარ თავს დაზიანებები”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.  

მისი თქმით, აღნიშნულ გამოძიებას ბოლომდე მიყვება და მის მიჩქმალვას არ დაუშვებს.  

“ნახევარ თბილისს აქვს ეს კადრები ნანახი და გამოძიებას შეუძლია ყველას ჰკითხოს მის შესახებ, არა მარტო დეპუტატებს. მე ვერ მოვისმინე ჩემი კოლეგების აღშფოთება, რომ ისინი გმობენ მოსამართლე გვრიტიშვილის განცხადებას და რომ ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა მათ კოლეგას. რატომღაც დუმილს ამჯობინებენ. ამით ეკა ბესელიას პოლიტიკურად ვერაფერს დააკლებენ, უბრალოდ ამორალურია, რომ ჩვენს ოჯახებში შემოდიან და ამის გადაღებას ცდილობენ. ყველაფერი მაშინ ხდება ხოლმე, როცა ეკა საქართველოში არ იმყოფება”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

მსგავსი თემები