“სამოქმედო გეგმას, რომელიც ცუდ სცენართან მიმართებაში გვქონდა, აუცილებლად ავამოქმედებთ” – ზალკალიანი ვაჟა გაფრინდაშვილზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილისთვის, პატიმრობის შეფარადების ფაქტს შეგნებულ პროვოკაციას უწოდებს და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში აამოქმედდება გეგმა, რომელიც ცუდი სცენარისთვის ჰქონდათ გათვალისწინებული.

მინისტრის განმარტებით, მაქსიმალურად იქნება ამოქმედებული ყველა არსებული თუ არარსებული მექანიზმი ექიმის გასათავისუფლებლად:

„ჩვენ აუცილებლად ჟენევის თანათავმჯდომარეებთან გვექნება მყისიერი რეაგირება. იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც ჩვენ გვქონდა ამ ცუდ სცენართან მიმართებაში აუცილებლად ავამოქმედებთ და მე მინდა გითხრათ, რომ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ბატონი ვაჟა, რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში.

ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, დაუშვებელი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა და მაქსიმალურად იქნება ამოქმედებული ყველა არსებული თუ არარსებული მექანიზმი. პირველ რიგში, ეს იქნება ჟენევის თანათავმჯდომარეები. მე დაუყოვნებლივ მექნება მათთან სატელეფონო ზარები, ასევე მექნება კომუნიკაცია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, მათ შორის, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, ასევე ევროკავშირთან, გაერო-სთან, იმისთვის, რომ მაქსიმალურად იქნას ამოქმედებული ყველა მექანიზმმი.

ნუ გგონიათ, რომ ჩვენ არ ვფიქრობდით ამაზე და ვიყავით კმაყოფილი მარტო იმით, რაც იყო ამოქმედებული. ყველა შესაძლო, მათ შორის, სამართლებრივ განზომილებაზე ვფიქრობდით. ოჯახთან გვქონდა მუდმივი კომუნიკაცია და ეს ყველაფერი ხდებოდა მათთან მჭიდრო კომუნიკაციით და სურვილები, რაც ოჯახიდან მოდიოდა, ჩვენი შემხვედრი ნაბიჯებით კმაყოფილდებოდა,“- განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსგავსი თემები