რუს ოკუპანტებს სურთ, ჩორჩანის ტყის საბადოებს დაეპატრონონ – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ რუს ოკუპანტებს სურთ, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლთან მდებარე ჩორჩანის ტყის საბადოებს დაეპატრონონ.

ჩორჩანის ტყე

როგორც დავით ქაცარავამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ოსები გეგმავენ ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე უზარმაზარი ტყის მასივის მითვისებას, სადაც სამი ტალკის და ერთი პემზის საბადოა. ტყეში მონიშვნებია გაკეთებული, სადაც რუსი სამხედროები პატრულირებდნენ.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებლის განცხადებით, თუ ოკუპანტები თრუსოს და დარიალის ხეობას დაიკავებენ, გუდაურსაც აუცილებლად წაიღებენ და ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტი მლეთაში გადმოინაცვლებს.

“ჩვენ არ დავთმობთ ჩვენი მიწის არცერთ სანტიმეტრს, არცერთ გოჯს. ისინი მოიწევენ და უმიზნებენ თრუსოს და დარიალის ხეობას, დამერწმუნეთ გუდაურსაც სიამოვნებით წაიღებენ. მერე კი, იმ სანქციებით, რასაც მსოფლიო დაუწესებს რუსეთს თრუსოს გამო, არაფერს კარგავს გუდაურიც, რომ დაიმატოს და ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტი მლეთაში ჩამოიტანოს,” – განაცხადა დავით ქაცარავამ “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას.

როგორც “მედიაცენტრმა მთავარმა” საკუთარი არხებით შეიტყო, ჩორჩანას ტყეში აღნიშნული ადგილები ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დროს არის მონიშნული, როგორც ადმინისტრაციული საზღვრები, როდესაც მან ე.წ. სამხრეთ ოსეთს ავტონომია აღუდგინა. კერძოდ, საუბარია იმ პერიოდზე, როცა ექსპრეზიდენტმა “სამხრეთ ოსეთის” ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დავით სანაკოევი დანიშნა.

მოამზადა მარიამ გელაშვილმა

მსგავსი თემები