“რეფორმამ, გამონაბოლქვის შემცირების მიმართულებით, გამოცდა ვერ ჩააბარა” – ეკა ლალიაშვილი

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი თვლის, რომ სატრანსპორტო რეფორმამ, გამონაბოლქვის შემცირების მიმართულებით, გამოცდა ვერ ჩააბარა.

როგორც ეკა ლალიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქუჩების დაბინძურების „მაგალითად“ რჩება მიკროავტობუსები, რომლებსაც სახელმწიფოს მიერ მეტი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ:

„მინდა კატეგორიულად ვთქვა, რომ რეფორმამ, გამონაბოლქვის შემცირების მიმართულებით, გამოცდა ვერ ჩააბარა, თუმცა ეს არ არის დასასრული, ჩვენ შემდეგი წლიდან აქტიურად უნდა ვიმუშავოთ და დავსვათ კითხვები, თუ რას აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ გამონაბოლქვი შემცირდეს.

მძღოლები, ფართოდ გავრცელებული ერთჯერადი მანიპულაციებით, ახერხებენ, გაიარონ ტექნიკური ინსპექტირება და ტესტიც ჩააბარონ, მაგრამ შემდეგ კვლავ რჩებიან დამაბინძურებლად. განსაკუთრებით, მიკროავტობუსები არის ამის ცუდი მაგალითი. ვიცით, რომ კონტრაქტორი კომპანიაა, მაგრამ თუ კონტრაქტორ კომპანიას მეტი პასუხისმგებლობა არ მოვთხოვეთ, მეტად არ დავაკისრეთ პასუხისმგებლობა, რომ ავტომობილების შიდა წვის ძრავა გაუმჯობესდეს, სახელმწიფოს, უბრალოდ უფლება არ ექნება, ეს სხვას მოთხოვოს, რადგან უნდა დავიწყოთ იმ ტრანსპორტიდან, რომლებიც არიან ჩვენი კონტრაქტორები.

ყვითელი ავტობუსების შესახებ აღარ ვისაუბრებთ, რადგან ნაცვლდება ეს ავტობუსები და მისასალმებელია, რომ გეგმა არსებობს. ჩვენ გვინდა მოვისმინოთ და დავინახოთ ამ ტიპის გეგმა, თუნდაც შსს-სა და გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან. გვესმის, რომ ქუჩაში გამონაბოლქვის კონტროლს აპირებენ, მაგრამ ვადები არ ვიცით, როდიდან აპირებენ, არ ვიცით ზუსტად რამდენი მობილური ჯგუფი გამოიყოფა ამისთვის, ამიტომ ეს არის დასაჩქარებელი საკითხი, პირველ რიგში, თუ გვინდა, რომ რეფორმას აზრი ჰქონდეს,“ – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები