პარლამენტმა “დაგროვებით პენსიასთან” დაკავშირებით ინიციატივა ჩააგდო – ბექა ნაცვლიშვილმა უმრავლესობა დატოვა

42 მომხრე, 10-ის წინააღმდეგ, – ამ შედეგით დასრულდა კენჭისყრა ბექა ნაცვლიშვილის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე “დაგროვებითი პენსიის შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე”.

კანონის პროექტს 42-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, 10 კი წინააღმდეგი წავიდა. იმისათვის, რომ კანონპროექტი კანონად ქცეულიყო, 52 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

ბექა ნაცვლიშვილმა აღნიშნულის შემდეგ, ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა, განაცხადა, რომ უმრავლესობას ტოვებს და პარლამენტში მუშაობას დამოუკიდებელ დეპუტატად აგრძელებს.

“ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მე დავტოვე უმრავლესობა, ფრაქცია, პარტია და შესაბამისად, ვაგრძელებ დამოუკიდებლად მუშაობას პარლამენტში. ალიანსში არავისთან შევდივარ, ამიტომ ვუსვამ ამას ხაზს, რომ დამოუკიდებლად ვაგრძელებ მუშაობას, უბრალოდ თუ იქნება ისეთი საკითხები, რომელსაც მხარს ვუჭერ, შესაბამისად მხარდაჭრდა ექნებათ ჩემგან, თუ ისეთ ინიციატივებს დავაყენებ, რაც მხარდაჭერას მოიპოვებს და რა თქმა უნდა, არ იქნება გარჩევა იმისა, ვინ რომელი პარტიის წარმომადგენელია.

ეს იყო მსოფლმხედველობითი გადაწყვეტილება, ინდივიდუალიზმსა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობას შორის. უმრავლესობამ დაუჭირა ინდივიდუალიზმს მხარი. მე მქონდა ინიციატივა, რომელიც სახელმწიფოს პასუხისმგებლობას და ერთხელ და სამუდამოდ, ამ საზოგადოების ერად ჩამოყალიბებას ეფუძნებოდა”- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი თემები