„მე მსხვერპლი არ ვარ, მსხვერპლი გირგვლიანია, გმირობაზე პრეტენზიას არ ვაცხადებ“ – ლევან მურუსიძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ გამწესებული მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე და სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა, გირგვლიანის საქმე განსახილველად მას არ შეხვედროდა.

“გირგვლიანია მსხვერპლი, მე მსხვერპლი არ ვარ. კარგი იქნებოდა, საერთოდ, ამ საქმის განხილვა არ შემხვედროდა, მაგრამ რა ვქნა, შემხვდა და უნდა განმეხილა,“ – აცხადებს ლევან მურუსიძე და განმარტავს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, მას უკანონო გადაწყვეტილება არ მიუღია.

„საუბრობენ იმაზე, რომ ლევან მურუსიძეს შეეძლო ჩაედინა გმირობა და გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, პროტესტის ნიშნად, შეეძლო მოსამართლის მანტია გაეხადა. გმირობაზე პრეტენზიას არც ვაცხადებ. კი ბატონო, მე არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ ვარ გმირი და გმირობა უნდა ჩამედინა ან არ ჩამედინა, ეს საკამათო თემაა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, იმ პირობებში, რაც პირობებშიც საქმე იყო უზენაეს სასამართლოში, სხვა გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო“, – აცხადებს მურუსიძე.

მისივე განმარტებით, საქმეში ბრალდების მხარის საჩივარი არ არსებობდა და სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, სხვა გადაწყვეტილება მიეღო, გარდა იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც მან მიიღო. მოსამართლის განმარტებით, სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატს სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.

„იმის გამო, რომ დაზარალებულის ადვოკატს ჰქონდა დაშვებული ან შეცდომა, ან შესაძლოა, ეს იყო მისი სტრატეგია, მას არ ჰქონდა საჩივარი დაწერილი. არც პროკურატურას გაუსაჩივრებია გადაწყვეტილება“, – აღნიშნა მოსამართლემ.

მსგავსი თემები