„ისინი არ არიან მოაზროვნე თავები, ისინი არიან მოლაპარაკე თავები“ – გედევან ფოფხაძე გუნდის ნაწილზე

იმ გუნდის ნაწილს, რომლის წევრიც დღევანდელ დღემდე გედევან ფოფხაძეც იყო, დეპუტატი მესიჯებით მართულ მოლაპარაკე თავებს უწოდებს. მისი თქმით, მათ კომკავშირელობაც შეესაბამება და ნანობს, რომ გუნდი ადრე არ დატოვა.

„2012 წელს მეგონა, რომ მართლა ხალხს ვემსახურებოდი და ხალხისთვის ვაკეთებდი იმ ყველაფერს. მე მორალური უპირატესობა მჭირდება, რომელიც 2012 წელს მქონდა და თუ ამას დავკარგავ, მეეჭვება, რაიმე საკითხთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ღირებული იყოს ვინმესთვის. ჩვენ ვალდებულებები არ შევასრილეთ და ჩვენსა და მოსახლეობას შორის ძალინ დიდი ბზარი გაჩნდა“- აღნიშნა გედევან ფოფხაძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე შეფასებით, სამთავრობო გუნდში დემოკრატიის ხარისხი განულებულია.

„მიმაჩნია, რომ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი პირდაპირაა დამოკიდებული სამთავრობო გუნდის შიგნით დემოკრატიის ხარისხზე. სამთავრობო გუნდის შიგნით დემოკრატიის ხარისხი განულებულია. იმედი დავკარგე. მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება ცოტა უფრო ადრე უნდა მიმეღო და ცოტა უკმარისობის გრძნობა მაქვს…“ – აღნიშნა დეპუტატმა.

ფოფხაძის განცხადებით, დეპუტატები არა მოლაპარაკე თავები, არამედ, მოაზროვნე თავები უნდა იყვნენ, რისი დეფიციტი სახეზეა: „პოლიტიკოსებს არ გვაქვს უფლება, მარტო მოლაპარაკე თავები ვიყოთ. ვიღაცისთვის შეიძლება კომფორტულია, მოვიდა მესიჯი, გაიმეორა ტექსტი სიტყვა-სიტყვით და ჰგონია, რომ პოლიტიკოსია. ასეთ ადამიანებს მე რაღაც მომენტში კომკავშირელები ვუწოდე, მერე ბოდიშიც მოვუხადე, მაგრამ მე ვიტყვი ამას თუ არა, არსი არ იცვლება. ისინი კომკავშირელები არიან. ეს ადამიანები არ არიან პოლიტიკოსები, ისინი ხელმძღვანელობენ მშრალი მესიჯებით, ისინი არ არიან მოაზროვნე თავები, არიან მოლაპარაკე თავები და პოლიტიკისთვის სარგებლის მოტანა არ შეუძლათ“ – აღნიშნა ფოფხაძემ.

მსგავსი თემები