“თქვენს ადგილას მანდატურს ვეტყოდი: მოკიდეთ პაატას ხელი და გააგდეთ დარბაზიდან” – ლევან გოგიჩაიშვილი

მოსამართლეობის კანდიდატმა, პაატა სილაგაძემ დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი სუბიექტურად ჩათვალა და პროტესტის ნიშნად მის არცერთ კითხვას უპასუხა.

პაატა სილაგაძე, ლევან გოგიჩაიშვილის მიერ დასმულ ყველა კითხვაზე, შემდეგი პასუხით შემოიფარგლა: “არ გიპასუხებთ, არ გიპასუხებთ, არ გიპასუხებთ”.

ლევან გოგიჩაიშვილის განმარტებით, მოსამართლის ამგვარი ქცევა არა კონკრეტული დეპუტატის, არამედ საკანონმდებლო ორგანოს და მისი ამომრჩევლის შეურაცხყოფაა.

„ეს არის პარლამენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა, რასაც დღეს ბატონი პაატა აკეთებს. მე აქ ვიცავ პარლამენტის და ინსტიტუციის ღირსებას. რასაც ბატონი პაატა აკეთებს, თქვენს ადგილას ვეტყოდი მანდატურს: მოკიდეთ ხელი ბატონ პაატას და გააგდეთ ამ ოთახიდან. მოგიწოდებთ, პაატა გააძევოთ, ვინაიდან ის პატივს არ სცემს პარლამენტის წევრს. არ შეიძლება, ასეთი სულისკვეთების ადამიანი გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე“, – მიმართა  ლევან გოგიჩაიშვილმა სხოდმის წამყვანს დავით მათღიკაშვილს.

მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეობის კანდიდატმა, არ ისურვა პასუხის გაცემა, გოგიჩაიშვილმა გამოიყენა მისთვის განკუთვნილი დრო და გააგრძელა კითხვების დასმა: „მიიჩნევთ თუ არა თავს კეთილსინდისიერ ადამიანად, რომელსაც ცოდნის მიღმა აქვს იმის მორალური უფლება, განსაჯოს ადამიანის ბედი?“

პაატა სილაგაძე: “არ გაგცემთ პასუხს”.

ლევან გოგიჩაიშვილი: „იცნობდით თუ არა იმ კონსტიტუციას, რომელიც ითვალისწინებდა მოსამართლეების გარანტიებს და რა არ გაკმაყოფილებდათ 2012-წლამდე იმ კანონებიდან, რომელიც არ გაძლევდათ საშუალებას, ყოფილიყავით თავისუფალი?”

პაატა სილაგაძე: “არ გაგცემთ პასუხს”

ლევან გოგიჩაიშვილი: “ჰომოსაპიენსი ხართ?“

პაატა სილაგაძე: “არ გაგცემთ პასუხს”.

ცნობისთვის, მოსამართლეობის კანდიდატმა, დეპუტატების ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის კითხვებს არ უპასუხა. 

მსგავსი თემები