„თურქეთში მიმდინარე პროცესები საქართველოსაც შეეხება, თურქეთს კი კატასტროფამდე მიიყვანს“ – მამუკა არეშიძე

თურქეთ-სირიის საზღვარზე ვითარება ყოველ წუთს მძიმდება. მსხვერპლი მატულობს, სირიელი  დევნილები კი თურქეთის საზღვარს აწყდებიან. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აცხადებს, რომ მსგავსი “პატარა ომი” ერდოღანს სჭირდება. 

„თურქეთის წინააღმდეგ რუსებიც გამოდიან, ირანელებიც, სირიის სამთავრობო ჯარებიც, რაც თურქეთს ურთულეს ვითარებამდე მიიყვანს. ქალაქ მანბიჯთან ბრძოლაში ერდოღანის წინააღმდეგ, სირიის სამთავრობო ჯარები და რუსეთის ავიაციაც გამოვიდა, ქურთებმა კი მათ უკან დაახევინეს. ჰაერში საბრძოლო აქტივობის შესაძლობლობა რუსულმა ავიაციამ თურქულ ავიაციას არ მისცა. მიმდინარე პროცესები, ბუნებრივია საქართველოზეც მოახდენს ნეგატიურ გავლენას. თურქეთის ეკონომიკასა და ეროვნულ ვალუტა  სერიოზული დარტყმა მიადგება, ისევე, როგორც ჩვენსას“ – აცხადებს ექსპერტი.

მისივე შეფასებით, თურქეთის პრეზიდენტს, მსგავსი ტიპის „პატარა ომები“ სჭირდება: „ერდოღანი უკან ვეღარ დაიხევს. მან ყველაფერი გაიღო ამ საომარი ვითარებისთვის, რადგან ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია. მას ოპოზიციასთან გამარჯვების პერსპექტივა არ აქვს და შესაბამისად, მსგავსი „პატარა ომი“ სჭირდება.  მან, მსგავსი ქმედებებით  ყველას ისე მოაბეზრა თავი, გამორიცხული არ არის, ის გაწირონ“.

რაც შეეხება სხვა დიდ მოთამაშეებს, მამუკა არეშიძე გამორიცხავს, რომ მათ, თურქეთის წინააღმდეგ იარაღი გამოიყენონ.

„ამერიკა თუ რუსეთი, თურქეთის წინააღმდეგ იარაღს არ გამოიყენებს. ომის გაგრძელება კი თურქეთის ეკონომიკის დანგრევას გამოიწვევს, რაც მთელ რეგიონზე ნეგატიურად აისახება“, – აცხადებს მამუკა არეშიძე.

რაც შეეხება დონალდ ტრამპის განცხადებას, მისი თქმით, სირიაში მიმდინარე პროცესები მათი პრობლემა არ არის. მისი შეფასებით, ვაშინგტონმა სირიიდან ძალები უნდა გაიყვანოს. ასევე აღნიშნა, რომ თეთრი სახლი, საბრძოლო მოქმედებების შეჩერებისთვის ძალისხმევას არ იშურებს.   


“ჩვენი ჯარისკაცები სირიას ტოვებენ, ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ვცდილობ, თურქეთი სწორ გზაზე დავაყენოთ, ვინაიდან ჩემი სურვილია ნებისმიერი ომის შეჩერება. ჩვენ აქ არ უნდა ვიხოცებოდეთ. თუ სირიას უნდა, იბრძოლოს თავსი მიწისთვის, ეს სირიის და თურქეთის საქმეა” – აცხადებს დონალდ ტრამპი.

მსგავსი თემები