15 მილიონი დოლარი მეტროს უსაფრთხოებისთვის

თბილისის „მეტროპოლიტენში“ ელექტროსადენებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტი იწყება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მეტროს ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტისთვის აზიის განვითარების ბანკმა 15 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ამ ეტაპზე, მოსამზადებელი სამუშაოები და პროექტირება მიმდინარეობს.

„მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია, მეტროსადგურების მოწესრიგება პრიორიტეტულია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეტროს შიგნით არსებული მდგომარეობა, მხედველობაში მაქვს ძალოვანი კაბელები, სავენტილაციო სისტემა,  მეტროს აშენების შემდეგ არ შეცვლილა. შესაბამისად, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. გამოყოფილია 15 მილიონი აშშ დოლარი აზიის განვითარების ბანკის მიერ, რათა მოხდეს ამ სამუშაოების განხორციელება. 450 კმ ძალოვანი კაბელი შეიცვლება, ასევე, 28 საგვირაბე გამნიავებელი და ახალი, ევროპული სტანდარტის 32 აგრეგატი დამონტაჟდება. ეს საშუალებას მოგვცემს, ძალოვანი კაბელები, სავენტილაციო სისტემა, აგრეგატები ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდეს“, – განაცხადა მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული სამუშაოები ივლისიდან დაიწყება და 2020 წლის ივნისში დასრულდება.

მსგავსი თემები