თადუმაძე ან მიქაუტაძე – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დღეს დასახელდება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისგან უნდა შეირჩეს და სავარაუდოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მას დღეს დაასახელებს. ამ ეტაპისთვის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის 2 კანდიდატი სახელდება – ყოფილი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.

კანონმდებლობით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა წარადგინოს. შემდგომ მას საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ის არც შალვა თადუმაძეს გამორიცხავს და არც გიორგი მიქაუტაძეს.

„ჩემი მოსაზრებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გუშინ, პარლამენტის მიერ დამტკიცებული მოსამართლეებიდან ერთ-ერთი იქნება. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვი, შალვა თადუმაძე ან გიორგი მიქაუტაძე. გარდა ამისა, როგორც ვიცი,  დღეს პლენუმია, რომელმაც მაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეც უნდა დანიშნოს. არ გამოვრიცხავ, ისიც დღეს დანიშნონ, რადგან ვადებში იწვებიან“ – განუცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის 1 ვაკანტური ადგილია დარჩენილი. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, პარლამენტმა 20-დან 14 მოსამართლე გუშინ უვადოდ დაამტკიცა.

 უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ შალვა თადუმაძის მოიაზრებს სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრი, „კონსტიტუციის 42-ე“  მუხლის თავმჯდომარე კახა  წიქარიშვილი. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, არსებობს არგუმენტი, რის გამოც, შესაძლოა თავმჯდომარედ მიქაუტაძე დაასახელონ და არა თადუმაძე.

„ჩანაფიქრია, რომ თადუმაძე იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, თუმცა, არის ლოგიკა, რა შემთხვევაში შეიძლება მიქაუტაძე დასახელდეს. ერთადერთი ალბათობა შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ კლანი იმდენი ძლიერია რომ  ხელისუფლებას უთხრან, თადუმაძე არ გამოვა მიქაუტაძე უნდა იყოსო. მეორე – შალვა თადუმაძის დიპლომი, რის გამოც შესაძლოა ხელისუფლაბას მასზე უარი ათქმევინონ“ – განუცხადა წიქარიშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მსგავსი თემები