ხავსმოდებული აფხაზეთი – რა ხდება ოკუპირებული ტერიტორიის გაღმა და გამოღმა – რეპორტაჟი „საზღვრიდან“

ეკა გულუა, თამარ ბელქანია სპეციალურად ე.წ. საზღვრიდან

ქართული პოლიციის საგუშაგო… ე.წ. ბლოკპოსტი და შლაგბაუმი  წარწერით “STOP”. ადამიანები  ჩვილებით, ბარგი-ბარხანით. მეგრული საუბარი, ცხენები “ტაჭკით”. ბლოკპოსტთან სამარშრუტო ტაქსებიდან და მანქანებიდან მგზავრები ჩამოდიან, მიცვალებულიც კი ჩამოასვენეს. ჭირისუფალიც ადგილზეა, მოსთქვამენ. დიდი მოძრაობაა, მხოლოდ ქვეითების. შიგადაშიგ მანქანებიც გადადიან, ABH სანომრე ნიშნით. ბლოკპოსტის ერთ მხარეს საქართველოსა და ევროკავშირის დროშა ფრიალებს, მეორე მხარეს კი – მხოლოდ აფხაზური.

აქ ოკუპირებული აფხაზეთი იწყება  

ქართული პოლიციის საგუშაგოს და “STOP პოსტის” შემდეგ ე.წ. ბლოკპოსტი უნდა გაიარო, ბარიკადებით. იარო, იარო, იარო, ისევ ბარიკადები გხვდება და აი, გამოჩნდა გრძელი ხიდი. გულისცემა ჩქარდება, შიში მაინც ოხერია. უფრო შორს, ხიდის ბოლოს კი “იმათი” დროშა ფრიალებს, იქ რუსი სამხედროები დგანან. რუსული ბლოკპოსტის იქით კი მხოლოდ ის გადადის, ვისაც ან იქაური პასპორტი აქვს, აფხაზეთის მოქალაქეა ან მიწვევა აქვს. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი (ორივე მხრიდან) მოწყვეტილია სანათესაოს, საახლობლოს, საფლავებს, რადგან მათ აფხაზური ან რუსული პასპორტები არ გააჩნიათ. 

ერთი “პოსტიდან” მეორემდე მანძილი ერთი კილომეტრია. არც ისე შორია აფხაზეთამდე და ეს ერთი დღე აფხაზეთში უქმად არ ჩაივლის… მივადექით გამყოფ ხიდს. კომუნისტებისდროინდელი ლამპიონის ბოძები ისევ შემორჩენილია, ეტყობა, რომ ხიდი ადრე, 20-25 წლის წინათ, სანამ ომიანობა დაიწყებოდა, მშვიდობიან პერიოდში ლურჯად იყო შეღებილი. ახლა კი მხოლოდ შიგადაშიგ ამჩნევია ატყავებული, აქერცლილი ლურჯი საღებავი. ხიდს ხავსი და ჟანგი სჭამს. დაბზარული ხიდის აბრა კი ისევ ძველებურად იუწყება, რომ “МОСТ ЧЕРЕЗ РЕКУ ИНГУРИПОСТРОЕН ДОРОЖНИМИ ЧАСТАМИ ВОИСК МВД СССР 1940” – ასე შევედით ხავსმოკიდებულ საბჭოთა კავშირში…

გაგვიმართლა. მოხერხდა, რომ რუსულ ბლოკპოსტთან საკმაოდ ახლოს მივდივართ. მგზავრებით დატვირთული ურმები, უცნაური მოტოციკლეტებიც მიდიან და მოდიან. იცლებიან, ივსებიან და ისევ გადადიან და გადმოდიან.

ნეტა, ეს ხიდი არ ჩაინგრეოდეს, – ვფიქრობ ჩემთვის…

აი, ერთი ურემიც გამოჩნდა, ლურჯი “ტენტით”. იქ, სადაც მგზავრები სხედან, ტენტია ჩამოფარებული. თითქოს იმალებიან.

ერთი წუთით გააჩერეთ, რა….

– რაშია საქმე?

– როგორ ხართ, რა ხდება იქით?

– ეჰ… ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით (ამბობს მეეტლე).

– დღეში რამდენჯერ გადადიხართ ამ ხიდს?

– ბევრჯერ… დაახლოებით 10-ჯერ. ენგურის ხიდიდან მოვდივარ. “შოფერი” ვარ და ხალხი დამყავს.

– იქით რა ხდება?

– სიტუაცია “ნარმალნა”, კარგად არის ყველაფერი (ეღიმება)… მიდიან, მოდიან. მგზავრის გადაყვანა 2 მანეთი ღირს. ხალხი ბლომად დადის, არაუშავს ისე. ჩვენ “შოფერებს” პასპორტები არ გვაქვს და ამიტომ ხიდის თავთან შლაგბაუმამდე მივდივართ, სადაც აფხაზეთი იწყება. პოსტამდე. მეტი იქით ვერ მივდივართ.  

“ტენტი” გადავწიე და მგზავრებთან შევიჭყიტე. სახეზე მაშინვე ხელს იფარებენ, ზოგმა სვიტრის საყელო აიფარა სახეზე.

– როგორ ხართ, რომელ სოფელში მიდიხართ? – ვეკითხები, პასუხად – დუმილი.

აი, ფეხითაც გადმოდიან. მგონი, ეს ოჯახია. მამაკაცი, ქალბატონი 2 პატარა ბავშვით.

– რომელ სოფელში იყავით? – ახლა მათ მივეჭერი.

– გალში, კაცო. რა ხდება?

– მშვიდობაა იქით? როდის წახვედით, რისთვის იყავით?

– მშობლები ცხოვრობენ იქ და დავდივართ (მიდის, მივდევ)…

– ერთი წუთით ვერ გაჩერდებით?

– აი, იქით გაიხედე (შემატრიალა ოკუპირებული აფხაზეთისკენ, სადაც დროშა ფრიალებს). აი, მწვანით დაფარულ რაღაცას ხედავ?

– დიახ, ვხედავ და იქიდანაც მხედავენ…

– აი, იქიდანაც რომ გვიყურებენ, ეს არის პრობლემა… მე აქ ხშირად დავდივარ, თქვენ მოხვედით და წახვალთ. მერე რომ მკითხონ, რა უთხარი, ასეო და ისეო. რა ვუთხრა?

– კარგად… (წავიდა).

შევტრიალდი იქით, საიდანაც ისინი მხედავენ. ჩანს ის მოწყობილობები, რომელიც რამდენიმე ადგილასაა დამონტაჟებული და გვაკონტროლებენ.  ხელს ვუქნევ… ეტყობა, რომ კარგად მხედავენ. იქიდანაც პერიოდულად რაღაც ანათებს, თვალში მხვდება… ალბათ, ფოტოებსაც იღებენ…

ხიდზე 2 ახალგაზრდა გოგონა მოდის, ჩვილი მოჰყავთ. ახლა მათთან მივედი, იქნებ მითხრან რამე, რა უჭირთ, რა ულხინთ…

– გამარჯობა, საიდან მოდიხართ?

– იქიდან…

– იქ ცხოვრობთ თუ სტუმრად იყავით?

– აფხაზი ვარ.

– ძალიან კარგი, სტუმრად მიდიხართ?

– არა, ბავშვი დამყავს მასაჟებზე?

– სად, ზუგდიდში?

– კი, ზუგდიდში, უფასოდ გვიკეთებენ.

– მასაჟისთვის აფხაზეთიდან ზუგდიდში დადიხართ?

– კი, ასეა. მასაჟისთვის კი არა, ყველაფრისთვის აქეთ დავდივართ…

– კვირაში რამდენჯერ?

– როგორც მოვახერხებთ. ორჯერ, სამჯერ.

– იქ, აფხაზეთში, არ კეთდება მასაჟები?

– არა, არ იციან, თან იქ თუ რამე კეთდება, ცეცხლის ფასი ადევს.

– გიჭირთ, ალბათ, ჩვილით ხელში კვირაში რამდენჯერმე ფეხით ერთი კილომეტრის გავლა. ბლოკპოსტამდე ხომ ტრანსპორტით მიდიხართ?

– აფხაზეთიდან რუსულ პოსტამდე ტრანსპორტით, მერე ფეხით და ქართული პოსტიდან ზუგდიდამდე ისევ ტრანსპორტით. ზოგჯერ, როცა ფული გვაქვს, ამ პოსტზეც ცხენით გავდივართ, მაგრამ ძვირი გამოდის. თუ 2 ადამიანი გადმოვალთ, სადღაც 17 ლარი ჯდება ერთი გზა.  

ჭირისუფლის ტირილი ისმის… მიცვალებულს მიასვენებენ. ხიდზე გადამსვლელ-გადმომსვლელები ჩერდებიან და თავს ხრიან.

– იცნობდით? – ვეკითხები ერთ-ერთ გადმომსვლელს.

– არა, მაგრამ აგერ გავიგე, თბილისში ჰყავდათ სამკურნალოდ წაყვანილი… “ონაფა ვა უჭიშეს… დროზე წაყვანა ვერ მოუსწრიათ, – ჩაერთო მეორე ქალბატონი…

– აფხაზეთში ვერ მკურნალობენ?

– აფხაზეთში ვინ რა იცის. თუ სერიოზული რამე გჭირს, რუსეთში უნდა წახვიდე სამკურნალოდ ან თბილისში. რუსეთში მაგარი ფული უნდა გქონდეს, თბილისში უფასოა (თან მიდის, თან ვსაუბრობთ, ცდილობს, თავიდან მომიშოროს).

– სამკურნალოდ ბევრი ჩადის თბილისში, ძვირადღირებულ ოპერაციებსაც უკეთებენ, უკან დაბრუნებულებს პრობლემა ხომ არ ექმნებათ?

– ახლა, კაცო, ყველაფერი მე უნდა გითხრა? გინდა დამხვტირონ? – წავიდა.

ისევ ურემი გამოჩნდა. სტაფილოსფერი ტენტით. გავაჩერე, “შოფერს” ჩამოვუჯექი. წავედით…

– დღეში დაახლოებით რამდენი ადამიანი გადაადგილდება ენგურს იქით და აქეთ?

– ოოო. გააჩნია, ხან ისე, ხან ასე. ალბათ, 250-300 ადამიანი. წვალობს ხალხი.     

– ცოტა ნელა იარეთ, რომ საუბარიც შევძლოთ…

– მე რაზე უნდა დაგელაპარაკოთ… არ მინდა… ყველაფერი კონტროლდება.

– სტუმრად მიდიხართ, თუ? – შევყავი თავი, სადაც მგზავრები სხედან. – ზოგს ცოცხები მიაქვს, ზოგს რა და ზოგს რა. მაგრამ, სრული დუმილი. პასუხს არავინ იძლევა.

– რა უნდა გითხრან, კაცო, – აგრძელებს ისევ “შოფერი”…

– მაინტერესებს, როგორ ცხოვრობენ, ახალგაზრდობა რას აკეთებს, დასაქმება, განათლება, განვითარება თუ არსებობს იქ… – ახლა საუბარს მეეტლესთან ვაგრძელებ. ტენტი ჩამოშვებულია. ხიდზე გადავდივართ და საცაა რუსების კონტროლირებად ტერიტორიასაც მივადგებით…

– “თენა მი რე” (მეგრ.: ეს ვინ არის?), ვა უჩქუნო თექ მუჭო წვალენა… არძაქ გენარკკომან… ძღაბებქ, ბოსებქ… სოდგა იშინქ ეს (არ იცის, იქ როგორ წვალობენ… ყველა განარკონამდა… გოგონები, ბიჭები. ეს ყველგან იშოვება…)… – იწყებს საუბარს ერთი ქალბატონი. 

– ოძვალედ გინირთ აფხაზეთიქ (სამარხად გადაიქცა აფხაზეთი)… – აგრძელებს მეორე…

– ვა თქუა მუთუნ, ირფელ უჩქუნა დო ფულუნა (არ თქვა არაფერი, ყველაფერი იციან და მალავენ), – აწყვეტინებს მესამე…

რუსულ პოსტსაც მივუახლოვდით… ურმიდან ჩამოვხტი. მგზავრები დაიცალნენ… კონტროლი გაიარეს და აფხაზეთში გადავიდნენ. ცხენი მოტრიალდა, ზუგდიდისკენ მომავალი მგზავრები ჩაისვა. ფეხით მოვდივარ ხიდზე.

– იქ რატომ არ გადადიხარ, კაცო, იქ უნდა ნახო, რაც ხდება, – მომიახლოვდა და მომაძახა მეეტლემ…

– გადამიშვებენ?

– თუ რუსული პასპორტი გაქვს, გაგიშვებენ. ისე, ჟურნალისტები აინტერესებს იმათ, შეიძლება არც გამოგიშვან… უშიშროებაში წაგათრევენ… გაგაწვალებენ…

– მარგალური გიჩქუნო? – ისევ მეეტლე.

– ქო…

– ათაქ თხირობა იინ თინწკუმა მორთი დო ძირუნქ სასწაულს (აქ თხილის სეზონზე მოდი და სასწაულებს ნახავ)…     

ხიდიდან კარგად ჩანს, რომ მეთევზეები ფეხით ტყე-ტყე გადადიან, მხარზე შემოდებული ანკესი იარაღივით აქვთ მოღერებული, ისინიც გავიდნენ…

შავებში ჩაცმული მოხუცები მოდიან… ისევ აფხაზეთიდან. ახლა მათ მივეჭერი:

– თქვა მი ზოჯუნთ (თქვენ ვინ ბრძანდებით)?

– ჟურნალისტი ვარ, მაინტერესებს, როგორ ცხოვრობთ, რა გიჭირთ, რა გილხინთ…

– გაჭირვება იმდენია, მაგრამ ლაპარაკი რას შველის… აგერ, გადაიყვანეს, ხელფასს გადაგიხდითო და ამუშავეს ის კაცი ვირივით. 3 კაცი გადავიდა, 8 შვილი ჰყავდა იმ კაცს და რა უნდა ექნა, ფულს ვიშოვიო და წავიდა სამუშაოდ. აშენებდა რაღაცას და კიდევ 2 ბიჭი წაიყვანა. მიშე რაგადანქ ბოშ (ვისზე ლაპარაკობ, კაცო?) – ეკითხება მეორე.

– ის, კაცო, რაულის სიძე…

– ააა. საწყალი…

– რა მოხდა? – ისევ მე.

– რა მოხდა და ფული რომ არ მისცეს, ის კიდო ითხოვდა, გადამიხადეო. ესენი უსაბუთოები იყვნენ, აფხაზმა გადაიყვანა. 3 თვე ამუშავა, მერე ფულის გადახდა რომ არ უნდოდა, პოლიციას ჩააბარა, გადმოპარულები არიანო და იყო ერთი ამბები. იქით მოუწია მის ოჯახს ფულის შოვნა და გაგზავნა, უკან რომ დაბრუნებულიყო ის კაცი ცოცხალი. აი, ეს ხდება. 

ბნელდება, უკვე უკან დაბრუნების დროა. კიდევ ერთი ეტლი გადმოდის აფხაზეთიდან. ვცდილობ,  გადმომსვლელებს კიდევ ერთხელ დაველაპარაკო.

– აფხაზეთში ცხოვრობთ?

– ოტობაიადან ვარ. დედაჩემთან ვიყავი.

– ხშირად დადიხართ?

– არა, რას ამბობ… ხშირად მარტო პასპორტიანები გადადიან და ვისაც საშუალება აქვს. პირველად გადავედი. 12 წელია, დედა არ მინახავს… – ტირილს იწყებს.

– რატომ ვერ მოახერხეთ ჩასვლა?

– არ მქონდა იმათი პასპორტი. დედაჩემი ისე ცუდადაა, რომ არ გადავსულიყავი, თავს მოვიკლავდი. საწყალი. ჩავარდნილია, წევს. ეს რა ცხოვრებააა… დიდი წვალებით გადავედი. აუცილებლად უნდა მენახა, სანამ მოკვდება… ფეხით გადასასვლელი შემოვლითი გზაც არსებობს, მაგრამ ზამთარში შეუძლებელია გადასვლა, მდინარეა გადასასვლელი. ეს ცხოვრებაა. “ფუი იშმეტი”, – აგრძელებს მეგრულად.

– სამკურნალოდ აქეთ ხომ გადმოდიან, ვერ მოხერხდა გადმოყვანა?

– აწი იმის წამოყვანას რა აზრი აქვს, შვილო, იმ საწყალს აწი არაფერი ეშველება… – შუახნის ქალბატონი აცრემლებული ჩამოდის ეტლიდან და ხელჯოხით აგრძელებს გზას ზუგდიდისკენ.  

დანარჩენებიც ჩამოვიდნენ ეტლიდან. “კი, ასეა, შვილო”, – მეუბნება იმავე ეტლიდან ჩამოსული მეორე, შავებში ჩაცმული ქალბატონი. “ჩვენიანებისთვის იქით გადასვლა შეუძლებელია. არ არიან იქაური მოქალაქეები. შვილი დედასთან რომ ვერ ჩადის და მომაკვდავს ნახულობს, ესაა ცხოვრება? გაყოფილია ოჯახები, ვერ ვნახულობთ ერთმანეთს. კი გავიდა 20 წელი, ჩემს ტოლებს ყველაფერი კარგად ახსოვთ, მაგრამ შენს “პაკალენიეს” არ ახსოვს არაფერი და მათთვის აფხაზეთი გადმოცემით არსებობს. ისეთი კარგი აფხაზი მეზობლები, მეგობრები გვყავდა. სად არიან? გააქრეს ყველა. გაქრნენ აფხაზები, ცოტანი არიან. ჩემი სოხუმი…” 

საზღვრისპირა სოფელში ყველა ფრთხილობდა ჩვენთან საუბრისას, თუმცა ყველას სურდა ჩვენი მოსმენა. აინტერესებთ, რა ხდება აქეთ, ჩვენ კი პირიქით.…

მზე დიდი ხნის ჩასული იყო, როდესაც უკან ვიწყეთ სვლა, მეეტლეს ხიდამდე უნდა მივეყვანეთ… სწორედ მისგან შევიტყვეთ, რომ აქ თურმე ამ მარხილს შებმული ცხენები მხოლოდ ერთ კვირას ძლებენ, ამდენი ტვირთის თრევასა და ფიზიკურ დატვირთვას ვერ უძლებენ. 

ცხენებს ცვლიან, რადგან აფხაზეთიდან ხალხი სამეგრელოში საჭმლის მარაგის გადასატანად ინტენსიურად გადმოდის, თუ არადა იქ სიდუხჭირეს შიმშილიც დაემატება.

P.S. “გოლოდომორი” გაგვახსენდა და თბილისამდე არც არავის ამოგვიღია ხმა. სტალინის პოლიტიკით უკრაინის დასამორჩილებლად იქ საგანგებოდა დაიგეგმა შიმშილი, ისე, რომ ადამიანი ადამიანის ხორცით იკვებებოდა. შიმშილმა იცის ეს.

ეს რეპორტაჟი რამდენიმე წლის წინ მომზადდა. მაშინ მხოლოდ გალში მოვახერხეთ გადასვლა. იქ ნანახმა და გაგონილმა მაშინ გვაფიქრებინა რომ ეს იყო ტერმინალური მდგომარეობა. თურმე უარესსაც არ აქვს საზღვარი. წლების მიუხედავად, უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. პირიქით, ვითარება უარესდება და უარესდება. რეპორტაჟის გამოქვეყნება კი ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილ თუ მოკლულ 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას ტრაგედიის გამო გადავწყვიტეთ. ამ რეპორტაჟს ვუძღვნით ყველა იმ ქართველს, ვინც ოკუპანტებმა საკუთარ მიწაზე მოკლეს .

მსგავსი თემები