“პრეზიდენტი რომ ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას” – თეა წულუკიანი

“მინისტრს, რიგით მოქალაქეს, დეპუტატს – ყველას, ვინც არის თანამდებობაზე დანიშნული თუ არჩეული, უნდა გვესმოდეს, რომ პროკურატურაში კითხვებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს დანაშაულის ჩადენას, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა შეწყალების საქმეზე გენერალურ პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ შეწყალების საკითხზე, საქართველოს პრეზიდენტი პროკურატურაში აუცილებლად უნდა მივიდეს. მისი თქმით, ყველას მოვალეობაა, გამოძიების კითხვებს უპასუხოს. 

„მე არ გახლავართ პრეზიდენტი. რომ  ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას. როდესაც გამომძიებელს, გამომძიებელ პროკურორს აქვს კითხვები, ჩვენი ვალია, ასეთია ჩვენი კანონმდებლობა, რომ ამ კითხვებს გავცეთ პასუხი, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი, როგორც იუსტიციის მინისტრის, პოზიციაა და იმედი მაქვს, ძალიან ბევრი მოქალაქე ამ ქვეყანაში ამ პოზიციას იზიარებს“, – აღნიშნა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის განცხადებით, პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადება სასურველია, დროულად დასრულდეს. მინისტრს იმედი აქვს, რომ შეწყალების თემაზე პარლამენტი შესაბამის სამუშაო ჯგუფს უახლოეს პერიოდში დააკომპლექტებს.

„მორატორიუმი სასურველი იქნებოდა, დროულად დასრულდეს, რათა პატიმრებმა შეძლონ იქონიონ იმედი, რომ მათი საქმე დროულად დასრულდება და მათ ექნებათ არა გაურკვევლობის განცდა, არამედ გამჭვრეტადობა და ზუსტი კრიტერიუმები, როდის და როგორ შეიძლება მათი შეწყალება მოხდეს“,- განაცხადა წულუკიანმა.

შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ასევე ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ინგა ხუციშვილი.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა – თარაშ მუკბანიანის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მსგავსი თემები