“პატრიოტთა ალიანსს” საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვების შანსი აქვს – ექსპერტი

​ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საჭიროებას ხედავს და 2020 წლის არჩევნებში,  პოლიტიკურ გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსს” უმრავლესობით მოსვლას უწინასწარმეტყველებს.      

როგორც ვახტანგ მაისაიამ “მედიაცენტრ მთავარათან” საუბრისას განაცხადა, მმართველი პარტია “ქართული ოცნება” თავის ელექტორატს კარგავს. ამას კიდევ უფრო შეუწყო ხელი ეკა ბესელიასა და მისი ე.წ გუნდის საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლამ.

მაისაია არ გამორიცხავს, რომ ბესელიამ საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაცია შექმნას.  

“პოლიტიკური პარტიების უმთავრესი საზრუნავი დღეს, ანტიმიშისტური ელექტორატია. მასზე პრეტენზიას ბევრი პოლიტიკური ძალა აცხადებს. მათ შორის, “პატრიოტთა ალიანსი”, რომელსაც აქვს შანსი 2020 წელს მოირგოს უმრავლესობა პარლამენტში. “გაერთიანებული ოპოზიციაც” ეპოტინება ამ ელექტორატს, არ არის გამორიცხული, “ნაციონალურმა მოძრაობაში” დაიწყოს გარდაქმნის პროცესი და მიხეილ სააკაშვილი საერთოდ გვერდზე გასწიონ. “ევროპული საქართველო” საერთოდ ამორფული გაერთიანებაა და რომ არა გარეშე ძალები დახმარება, მისი არსებობა, ასევე, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. ანტიმიშისტური ელექტორატი დღეს წარმოადგენს სერიოზულ პოლიტიკურ ძალას. ისინი არ არიან “ოცნების” უპირობო მხარდამჭერები”, – განუცხადა “მთავარს” ვახტანგ მაისაიამ. 

მისივე შეფასებით, “ქართულ ოცნებაში” პარტიული დისციპლინა აღარ არსებობს.  

” 2020 წელს, ჩვენ შესაძლოა საპარლამენტო კრიზისი მივიღოთ. საპარლამენტო კრიზისი კი  სახელისუფლებო კრიზისში გადაიზარდოს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახალი კონსტიტუციით, მართვის ძირითადი ელემენტები პარლამენტის ხელში გადავიდა და ამ დროს კი პარლამენტში, კლასიკური გაგებით პოლიტიკური პარტიები არ იქნებიან წარმოდგენილნი, ანუ გვაქვს სახლი, მაგრამ როდის გამოჩნდებიან შიგ მოსახლეები, არავინ იცის”, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.

შორენა პაპაშვილი

მსგავსი თემები