ილია მეორემ ფეხთბანვის რიტუალი შეასრულა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში დიდი ხუთშაბათის მსახურება ჩაატარა.

ილია მეორემ ლიტურგიის შემდეგ, ფეხთბანვის რიტუალი შეასრულა და 12 მღვდელს ფეხი დაბანა. ეს ტრადიცია სახარებისეული ეპიზოდის სიმბოლური გამეორებაა, როდესაც ქრისტემ თავის მოწაფეებს სიმდაბლის ნიშნად, ფეხები დაბანა.

დიდი ხუთშაბათის საღამო 12 სახარების წაკითხვით დასრულდება, რომლის დროსაც ოთხი სახარებიდან ამოკრეფილ 12 ნაწყვეტს – მაცხოვრის შეპყრობას, წამებას და ჯვარცმის ეპიზოდებს წაიკითხავენ.

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, 12 სახარების წაკითხვა 19:00 საათზე დაიწყება.

მართლმადიდებლური სამყარო, დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. სახარების მიხედვით, ამ დღეს იესო ქრისტემ მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა.

მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, წელს 28 აპრილს აღნიშნავს. 

როგორც არქიდიაკონმა დემეტრემ დიდი ხუთშაბათის წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა, სააღდგომო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, შაბათს 23:00 საათზე დაიწყება.

ლიტურგიის დაწყებამდე ტრადიციულად წაიკითხავენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს.

მსგავსი თემები