Freedom House-ის კვლევაში საქართველომ 100-დან 25 ქულა მიიღო

„ინტერნეტის თავისუფლება“ ასეთია კვლევის დასათაურება, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა გამოაქვეყნა.

ინტერნეტის თავისუფლების შესახებ 2018 წლის კვლევით, საქართველო რეგიონში ლიდერია. რეიტინგში ქვეყნები 100-ქულიანი სისტემით ფასდება, სადაც 100 ქულა სრულიად არათავისუფალს, ხოლო 0 ქულა სრულიად თავისუფალს ნიშნავს, – ამის შესახებ 1tv.ge წერს.

ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნად დასახელდა და მას 25 ქულა აქვს მინიჭებული. კვლევაში აღნიშნულია, რომ 2018 წელს საქართველოში ინტერნეტის თავისუფლების დონის კლება შეინიშნებოდა, რადგან გასული წლის ანგარიშში საქართველოს 24 ქულა ჰქონდა მინიჭებული.

კვლევა აჩვენებს, რომ ინტერნეტი ყველაზე თავისუფალია ისლანდიაში (ექვსი ქულა), ესტონეთსა (ექვსი ქულა) და კანადაში (15 ქულა). ინტერნეტის თავისუფლების მიხედვით ყველაზე ცუდი მდგომარეობაა ჩინეთში (88 ქულა), ირანსა (85 ქულა) და ეთიოპიაში (83 ქულა). საქართველოს მსგავსად, 25 ქულა აქვს მინიჭებული ასევე საფრანგეთს, იტალიას, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და იაპონიას. დიდი ბრიტანეთი 23 ქულას ფლობს, აშშ – 22 ქულას, ავსტრალია – 21 ქულას, გერმანია – 19 ქულას.

საერთაშორისო ორგანიზაციამ 2017 წლის ივნისიდან 2018 წლის მაისამდე პერიოდში ინტერნეტის თავისუფლების ხარისხის მიხედვით 65 ქვეყანა შეისწავლა, რომლებშიც მსოფლიოს ინტერნეტმომხმარებელთა 87 პროცენტი ცხოვრობს.

2018 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 65 ქვეყნიდან ინტერნეტის თავისუფლების დონის კლება 26-ში დაფიქსირდა, რეიტინგში საკუთარი პოზიცია კი 19-მა ქვეყანამ გაიუმჯობესა. ინტერნეტის თავისუფლების ხარისხის ყველაზე დიდი კლება ეგვიპტესა და შრი-ლანკაში დაფიქსირდა.
როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, მიმდინარე წლის მოვლენებმა დაადასტურა, რომ ინტერნეტის გამოყენება შესაძლებელია როგორც დემოკრატიების შესარყევად, ისე დიქტატურების დესტაბილიზაციისთვის.

მსგავსი თემები