კახა ოქრიაშვილმა ალეკო ელისაშვილს დმანისში ბილბორდი დაუდგა

„სამოქალაქო მოძრაობა“ კამპანიის „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“ ფარგლებში, ალეკო ელისაშვილი და მისი გუნდის წევრები დღეს დმანისში ჩავიდნენ.

ელისაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს, ცოტა ხანში კი დეპუტატ კახა ოქრიაშვილის ბიუროსთან მისვლას გეგმავენ. სტუმრებს მაჟორიტარი ორიგინალურად დახვდა, დმანისში ახალი ბანერი და სტიკერები გამოჩნდა.

“კეთილი იყოს ოპოზიციის და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში”, “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ალეკო”, – წერია ბანერსა და სტიკერებზე.

როგორც დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ელისაშვილის მშვიდობიანად და ღიმილიანად ხვდებიან.

„ეს ბანერი და პლაკატები ჩემი ფინანსებით დავბეჭდე. ხომ ამბობს მშვიდობით ჩავდივარო, ჩვენც მშვიდობითა და ღიმილით ვხვდებით. ბატონო ალეკო მობრძანდით, ამის მეტი არაფერი მაქვს სათქმელი“, – განუცხადა კახა ოქრიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.

როგორც ალეკო ელისაშვილის გუნდის წევრები აცხადებენ, თუ სხვაგან მათ მუშტი-კრივით ხვდებოდნენ, კახა ოქრიაშვილი ორიგინალურად დახვდა და „სმაილები“ და კეთილგანწყობილი ბანერები დაახვედრა.

მსგავსი თემები