C ჰეპატიტის, აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის ჩატარება საქართველოს 7 რეგიონში გახდა შესაძლებელი

„C ჰეპატიტის, აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის ჩატარება საქართველოს 7 რეგიონში გახდა შესაძლებელი. სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის, კახეთის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების მოსახლეობას სკრინინგის ჩატარება სრულიად უფასოდ შეუძლიათ. ეს არის ინოვაციური  მიდგომა, რომელიც მიზნად ისახავს ოჯახის ექიმის, სოფლის ექიმის და ექთნის მიერ პირველადი ჯანდაცვის ქსელში სამივე დაავადების ჰეპატიტი C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის აქტიურ გამოვლენას..” – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოაგდილემ, თამარ გაბუნიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებული განხორციელება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ელიმინაციის მიზნების მისაღწევად, სამინისტრომ ახალი სტრატეგია აამოქმედა, რაც ითვალისწინებს C ჰეპატიტის გამოვლენის გააქტიურებას პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში სკრინინგის გზით.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, პროექტი პირველად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში  2018 წელს დაიწყო,  წელს უკვე აღნიშნულ პროექტში დამატებით  6 რეგიონი  ჩაერთო. ინოვაციური მიდგომის დანერგვის შედეგად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში C ჰეპატიტზე ტესტირებულ პირთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და ამ დროისთვის მოცულია 163 000-ზე მეტი პირი,ხოლო აჭარის რეგიონში  -144 000-ზე მეტი პირი.

საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია, როგორც დამატებითი გამოკვლევები, ასევე სამივე დაავადების მკურნალობა.

“ცენტრალური ბიუჯეტის  დაფინანსებით „C ჰეპატიტის მართვის“ და „აივ-ინფექცია/შიდსის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილია სკრინინგისათვის აუცილებელი ტესტებისა და სახარჯი მასალების მიწოდება, ანგარიშგების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მონაცემთა ხარისხის კონტროლი და ტექნიკური მხარდაჭერა, ოჯახის ექიმების მიერ რეფერირებული სკრინინგდადებითი ბენეფიცირებისაგან საკვლევი მასალის აღება და კონფირმაცია.

ადგილობრივი თვითმმართველობები, თავის მხრივ, უზრუნველყოფენ პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და პროგრამის ადმინისტრირებაში ჩართული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების დაფინანსებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან მობილიზებული ფინანსური რესურსებით.

წლის ბოლომდე  მსგავსი აქტივობების განვრცობა ქვეყნის დარჩენილ რეგიონებში იგეგმება”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები