C ჰეპატიტისგან 58 000 ადამიანი განიკურნა, ვირუსის მატარებლები კი გავრცელების რისკს ქმნიან

65 000 ბენეფიციარიდან, რომლებიც ჰეპატიტის პროგრამაში ჩაერთვნენ, 58 000-მა მკურნალობა დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი კი 98%-ია. ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი 16 000-მდე ადამიანი კი ჯანმრთელი ადამიანებისთვის ვირუსის გადაცემის რისკის ჯგუფად რჩება, რადგან მათ მკურნალობაზე უარი განაცხადეს. 

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მკურნალობისთვის ტავის არიდების მიზეზები სხვადასხვაა. 

„ეს ადამიანების ვირუსის მატარებლები არიან, ეს დადასტურებული ფაქტია, ამის შესახებ თავადაც კარგად იციან, თუმცა, სამკურნალოდ ვერ მოვიყვანეთ. C ჰეპატიტი არის ისეთი დაავადება, რომელიც “ჩუმი მკვლელია”. მთელი ცხოვრება შეიძლება გქონდეს და არ შეგაწუხოს. რადგანაც არ აწუხებთ, პრობლემას ვერ ხედავენ. ქართველი კაცის ხასიათი კი ყველამ იცით. თუ არაფერი აწუხებს, რატომ უნდა წავიდეს და იმკურნალოს?“ – განუცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარს.“ 

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, გარკვეული ოდენობის პრეპარატების ვადის გასვლით პროგრამის გაგრძელებას საფრთხე არ ემუქრება და რასაც ოპონენტები ავრცელებენ, სრული სიცრუეა. 

„ეს არ არის წამლის გასაღების პროგრამა, ის ემსახურება პაციენტის განკურნებას. ეს ყოველივე კი სიკეთის დისკრიმინაციაა, რომელიც ელიმინაციის პროგრამაზე შეტავაში გამოიხატება. ნახეთ ციფრები, 65 000 ბენეფიციარიდან, რომლებიც  C ჰეპატიტის პროგრამაში ჩაერთო, 58 000-მა მკურნალობა დაასრულა და განკურნების მაჩვენებელი კი 98%-ია“ – განუცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

მსგავსი თემები