C ჰეპატიტზე სკრინინგი 1.5 მილიონმა ადამიანმა ჩაიტარა

“C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საერთო ეროვნული პროექტი და საერთო ეროვნული წარმატებაა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  ჰეპატიტების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ახალი კამპანიის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან ბევრი გაკეთდა იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო სამაგალითო ქვეყანა C ჰეპატიტთან ბრძოლაში.

„28 ივლისი არის დღე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აერთიანებს. დღე, როდესაც მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით – ეს არის ვირუსული ჰეპატიტების რეალური ტვირთის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ეს არის უმძიმესი გამოწვევა, რომელიც აქვს კაცობრიობას 21-ე საუკუნეში. მოგეხსენებათ, B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა უკვე არსებობს და ის დანერგილია საქართველოშიც, მაგრამ C ჰეპატიტთან ბრძოლა ჯერ კიდევ რჩება ძალიან მძიმე გამოწვევად ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ, საქართველო ამ მხრივ უნიკალურია, ვინაიდან ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც დანერგილია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და მას ეროვნული პროექტის სტატუსი აქვს. პროგრამა 2015 წლიდან დაიწყო და ეს დღე ძალიან კარგად მახსოვს. ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო სამაგალითო ქვეყანა C ჰეპატიტთან ბრძოლაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, პრაქტიკამ, ეფექტურობის ამაღლების მიზნით სხვა ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა აჩვენა და შესაბამისად, დაიწყო C ჰეპატიტის პროგრამის დეცენტრალიზაციის პროცესი, რათა პირველადი ჯანდაცვის ობიექტებში მომხდარიყო სკრინინგი და  ამ სერვისით კიდევ უფრო მეტ მოქალაქეს ესარგებლა.

„დღეს C ჰეპატიტზე გამოკვლევა და მკურნალობა ხელმისაწვდომია ქვეყნის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებშიც. მნიშვნელოვანია, რომ წარმატებით მიმდინარეობს ინტეგრირებული C ჰეპატიტის, ტუბერკულოზისა და აივ ინფექციის აქტიური სკრინინგის პროგრამა. პროგრამის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გავზარდოთ სკრინინგის მოცულობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღეისთვის არსებული მონაცემებით, 1.5 მილიონმა ადამიანმა ჩაიტარა სკრინინგი C ჰეპატიტზე,  58 000-ზე მეტი პირი ჩაერთო მკურნალობის პროგრამაში და 54 000-მდე პაციენტმა მკურნალობა წარმატებით დაასრულა.

მსგავსი თემები