Amnesty International-ი მთავრობის მთავარ გამოწვევად ადამიანის უფლებების დარღვევას ასახელებს

„სისხლის სამართლის სისტემის რეფორმა და პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოძიების დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნა საქართველოს ახალი მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა გახდეს” – ვკითხულობთ  საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის ახალ მოხსენებაში.

ორგანიზაცია დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობების საქმესაც ეხება. ასევე, მოხსენებაში საუბარია  თემირლან მაჩალიკაშვილისა და აფგან მუხთარლის საქმეებზე.

„არაეფექტიანი გამოძიებები, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევების გამო სამართალდამცველების დაუსჯელობა საქართველოში მრავალწლიან პრობლემას წარმოადგენს. 2013-2017 წლებში საქართველოს სახალხო დამცველმა ასეთი შესაძლო დანაშაულების 72 ფაქტი დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვევებში საქმეები აღძრული იყო, გამოტანილი სასჯელების შესახებ ომბუდსმენის ოფისს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია. . . საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანია დებს პირობას, რომ პოლიციისა და სხვა სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს შექმნის. თუმცა, კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის შესახებ პარლამენტს განსახილველად მხოლოდ წელს გადაეგზავნა. შემოთავაზებული სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის დამოუკიდებლობა სერიოზულად არის კომპრომეტირებული, რადგან პროკურატურა “სამეთვალყურეო როლს” შეინარჩუნებს. ასევე არსებობს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი სააგენტო ითანამშრომლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან და შედეგად, რეალურად ეფექტური და დამოუკიდებელი არ იქნება“, – ნათქვამია მოხსენებაში.

მსგავსი თემები