A კატეგორიის ტაქსებისთვის, ქიმიური წმენდის ვაუჩერები უფასოდ დარიგდება

პირველი ნოემბრიდან, A კატეგორიის ტაქსის მფლობელებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა,  ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერები მიიღონ. 

როგორც დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ვაუჩერები უფასოდ დარიგდება, ისე, რომ ხარჯები არც ტაქსის მძღოლებზე აისახება და არც ბიუჯეტზე.  მისი თქმით, ყველა ტაქსის მძღოლი, რომელიც ამ ვაუჩერით ისარგებლებს, ავტოტექმომსახურების 20%-იანი ფასდაკლების ბარათს მიიღებს. 

„ ყველა ის ტაქსის მძღოლი, რომელიც ისარგებლებს ამ ვაუჩერით (მათ არაფერი აქვთ გადასახადი), დამატებით მიიღებს ავტოტექმომსახურების კომპანიის – „ვიანორის“ 20%-იანი ფასდაკლების ბარათებს. ხარჯები არც ტაქსის მძღოლებზე აისახება და არც ბიუჯეტზე.  SMS-ების საშუალებით მოგაწვდით ყველა იმ სერვისცენტრის შესახებ ინფორმაციას, სადაც A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეგეძლებათ მისვლა. თქვენ აღარ დაგჭირდებათ მერიაში მოსვლა და ვაუჩერის მიღება. პირდაპირ შეძლებთ მიხვიდეთ, ისარგებლოთ ქიმიური წმენდის ვაუჩერებით და მიიღოთ ფასდაკლების ბარათები“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, რეფორმის მომდევნო ეტაპზე შეიქმნება კონტროლის მექანიზმი, რომელიც ტაქსების სისუფთავეს შეამოწმებს. 

კახა კალაძემ ტაქსების რაოდენობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამჟამად დედაქალაქში A კატეგორიის 9000-მდე ტაქსი მოძრაობს და ეს რიცხვი მზარდია.

მსგავსი თემები