“​კარგი ეიჩარი სამსახურს ძალიან მალე იშოვის” – ბექა ნაცვლიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შედეგად საჯარო მოხელეების სამსახურებიდან დათხოვნის მასობრივი შემთხვევები არ იქნება, თუმცა ცალკეული ადამიანები დაკარგავენ სამსახურს.

​ბექა ნაცვლიშვილის აზრით, თავისთავად ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ პროფესიონალები სხვა სამსახურს ადვილად იშოვნიან. გარდა ამისა, უნდა არსებობდეს უმუშევრობის შემწეობა, რათა ადამიანებს, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში დაკარგავენ სამსახურს, ჰქონდეთ ანაზღაურებადი პერიოდი, რომლის დროსაც შესაძლებლობა ექნებათ სხვა სამსახური იშოვონ და არ გახდნენ სოციალურად დაუცველები.

​ერთეული შემთხვევები რა თქმა უნდა იქნება. ხდება ხოლმე, ადამიანები კარგავენ თავის სამუშაოს, მაგრამ თუ ადამიანი არის კვალიფიციური, შესაბამისად იმედი მაქვს ძალიან მალე იშოვის ახალ სამსახურს. კარგ ეიჩარზე თუ ვსაუბრობთ, დამერწმუნეთ ​კარგი ეიჩარი სამსახურს ძალიან მალე იშოვის. სამსახურის პოვა არც ისე მარტივია, მაგრამ ეს ცვლილებები არ იქნება მასობრივი”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა დღეს, მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

დეპუტატი ვერ ხედავს კონკრეტული უწყებების გაუქმების საჭიროებას, თუმცა ამბობს, რომ შესაძლოა მსგავსი ფუნქციების მქონე უწყებები ერთმანეთს შეერწყას. რაც შეეხება სიპებსა და აიპებს, თუ რომელიმე არ არის საჭირო, აუცილებლად უნდა გაუქმდეს, მაგრამ ამას სჭირდება ღრმა ანალიზი.

“საჯარო მოხელეების რაოდენობაში კი არ არის საქმე, საუბარია იმაზე, რომ მატერიალური რესურსის საფუძველზე დავზოგოთ თანხები, ეს არის საწვავის, ოფისის ხარჯები, რომლის ოპტიმიზაცია შეიძლება მოხდეს და მთლიანად მთავრობის მასშტაბით თუ მოვახდენთ ამ მიმართულებით თანხების ოპტიმიზაციას, შეიძლება ვივარაუდოთ რომ, წელიწადში 100-დან 150 მლნ ლაფრამდე თანხა დაიზოგოს.
​თუ ჩვენ გვჭირდება რომელიმე უწყება, იმისთვის, რომ თანხები დავზოგოთ, ეს უწყება არ უნდა გავაუქმოთ. თუ რომელიმე უწყება არ გვჭირდება და უფუნქციოა, ის “მცირე მთავრობის” იდეის გარეშეც უნდა გავაუქმოთ”, – აცხადებს ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, რამდენიმე სამინისტროს ერთმანეთთან შერწყმის გამოცდილება არსებობს, მაგრამ ამას სამსახურებიდან ადამიანების მასშტაბური დათხოვნა არ მოჰყოლია.

მსგავსი თემები