200 მლნ ლარი, დევნილთა ბინების უზრუნველსაყოფად და პენსიების ზრდა – გიორგი გახარიას სამთავრობო გეგმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ საკანონმდელო ორგანოში 36 გვერდიანი 2019-2020 წლის სამთავრობო გეგმა წარადგინა.

სამთავრობო გეგმაში აღნიშნულია, რომ 2020 წელს განხორციელდება პენსიების ზრდა და დაინერგება საკანონმდებლო მექანიზმები, რომლებიც მომავალში ყოველწლიურად უზრუნველყოფს საპენსიო გასაცემლების ზრდას.

სამთავრობო გეგმის მიხედვით, 2019-2020 წლებში, დევნილთა ბინების უზრუნველყოფაზე, 200 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. გაგრძელდება დევნილი ოჯახებისათვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, ასევე „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში მოხდება დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების შეძენა.

“ხელისუფლება გაააქტიურებს დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ეფექტიან პოლიტიკას. გაგრძელდება კერძო მესაკუთრეებისგან იმ საცხოვრებელი ფართების გამოსყიდვა, რომლებიც დევნილებს აქვთ დაკავებული. დაიხურება ყველა ნგრევადი, სიცოცხლისათვის საშიში ობიექტი, რომელზეც არსებობს შესაბამისი საექსპერტო დასკვნა. 2019-2020 წლებში, დევნილთა ბინებით უზრუნველყოფაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება 200 მლნ. ლარზე მეტი. გაძლიერდება სახელმწიფოს მხრიდან დევნილებისთვის საარსებო წყაროებზე წვდომის, მცირე სამეწარმეო საქმიანობისა და დევნილთა კოოპერაციის ხელშეწყობა”- აღნიშნულია გიორგი გახარიას მიერ წარდგენილ სამთავრობო გეგმაში.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის კანდიდატად შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. ახალი პრემიერი კი მთავრობაში რამდენიმე ცვლილებას გეგმავს.

მსგავსი თემები