“ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი სულიერი მამა ჰყავს” – ბიძინა ივანიშვილი

“ვულოცავ ჩვენს საყვარელ პატრიარქს, მის უწმინდესობას, აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს, – ამ სიტყვებით მიულოცა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა უწმინდესს დღევანდელი დღე.

მისი თქმით, ერის ყველაზე დიდი საყრდენი სწორედ ეკლესია და პატრიარქია:

“მოგესალმებით ყველას და გილოცავთ დღევანდელ დღეს. ვულოცავ ჩვენს საყვარელ პატრიარქს, მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს. მოგეხსენებათ, როგორი რთული იყო ეს 42 წელი, როგორი განსაცდელი ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, თუნდაც რამდენიმე წლის წინ. 42 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ უამრავი გამოწვევა და განსაცდელი გადაიტანა. უდიდესია ჩვენი დედაეკლესიის წვლილი და მისი უწმინდესობის, პატრიარქის წვლილი იმ დაბნეულობის დროს, როდესაც აბსოლუტურად საჭიროებდა ერი სწორებას. ძალიან ხშირად, ყველაზე დიდი საყრდენი და სწორებაც სწორედ ეკლესია და მისი უწმინდესობა გახლდათ. დღესაც, მოგეხსენებათ, რომ რთულია ჩვენი ყოფითი თუ სულიერი ცხოვრება და ამას ყველაფერს სჭირდება ძალიან ორგანიზებული და გააზრებული მართვა. როგორც სახელმწიფო, ისე ეკლესია თავის ფუნქციებს ძალიან გააზრებულად და მომართულად ასრულებენ, რათა ჩვენ ყველა გამოწვევა გადავლახოთ და ჩვენი ქვეყანა გამარჯვებისკენ წავიყვანოთ. ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი სულიერი მამა ჰყავს. ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ვუსურვოთ ჩვენს საყვარელ პატრიარქს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 25 დეკემბერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. უწმინდესის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

მსგავსი თემები