“ქვეყანაში არსებული შიდა და გარე ძალები ყველა ღონეს ხმარობენ რათა შელახონ ქვეყნის იმიჯი” – ალი ბაბაევი

„საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე“ ალი ბაბაევი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მიმართვას ავრცელებს. როგორც ბაბაევი აცხადებს, ქვეყანაში არსებული შიდა და გარე ძალები ყველა ღონეს ხმარობენ ქვეყნის იმიჯის გასაფუჭებლად და ვითარების ასარევად.

„ქვეყნისა და მისი იმიჯისათვის მეტად მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობა, განსაკუთრებით ისეთის, როგორიც არის არჩევნები. არჩევნებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის, როგორც შიდა ისე საგარეო პოლიტიკის წარმართვისთვის. სწორედ ამაზეა დამოკიდებული საქართველოს მთავარი მიზნისაკენ სვლა, როგორიც არის მისი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება. ამასთანავე, ეკონომიური ზრდა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან.

სამწუხაროდ, ნორმალური დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის ხელის შეშლის მიზნით, ქვეყანაში არსებული შიდა და გარე ძალები ყველა ღონეს ხმარობენ რათა შელახონ ქვეყნის იმიჯი, დააკნინონ დემოკრატიული საარჩევნო პროცესი და შედეგად გამოიწვიონ პროვოკაციები, რაც გააღვივებს დესტაბილიზაციასა და უფრო მეტიც, ეროვნულ შუღლს“ – აცხადებს ბაბაევი.

მისივე შეფასებით, 2012 წელი იყო გარდამტეხი და ახლა შენარჩუნებაა საჭირო.

„ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ და საზოგადოებამ დიდი გამოცდა გაიარა, რომელიც სავსე იყო ეროვნული და სამოქალაქო დაპირისპირებით, ტერიტორიების დაკარგვით, ადამიანის უფლებების მკვეთრი დარღვევებით, მძიმე სოციალური მდგომარეობით, რომელმაც ასახვა ჰპოვა საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან მასიური გადინებაში და კიდევაც აისახება ქვეყანაში არსებულ მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. მთელი ამ დროის განმავლობაში 2012 წელი იყო სწორედ ის გარდამტეხი თარიღი… მიუხედავად ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში არსებული კოვიდ პანდემიისა ქვეყანამ მყარად განაგრძო სვლა განვითარებისა და აღმშენებლობისაკენ. დარჩა რამოდენიმე დღე და ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთი გამოცდის წინაშე უნდა წარსდგეს, ეს გამოცდა არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ყოფილი მმართველი გუნდი კვლავ ცდილობს ძალადობრივი გზით ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება. სამწუხაროდ, მათი მთავარი მიზანია პროვოკაციის და ძალადობის ცენტრად აქციონ ის რეგიონები, სადაც კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ.  მივმართავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად მისი ეროვნებისა,  ჩვენი მთავარი მიზანი არის ქვეყნისათვის სათანადო იმიჯის შექმნა, ქვეყნის განვითარება, მისი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვა და მისი ღირსეული მომავლის უზრუნველყოფა. გთხოვთ ყველამ მიიღოთ მონაწილეობა ორი ოქტომბრის არჩევნებში და მხარი დაუჭიროთ საქართველოს წინსვლას და მომავალს“ – აცხადებს ალი ბაბაევი.

მსგავსი თემები